"რადგან აქ ვარ, მინდა ისე მოვამზადო, რომ ჟიურის მოეწონოს" - რატომ მივიდა სოფო ხალვაში "მასტერშეფში" - Gemrielia.ge

"რადგან აქ ვარ, მინდა ისე მოვამზადო, რომ ჟიურის მოეწონოს" - რატომ მივიდა სოფო ხალვაში "მასტერშეფში"

მომღერალი სოფო ხალვაში ცნობადი სახეებიდან ერთ-ერთია, ვინც საკუთარი ძალები კულინარიულ შოუში მოსინჯა და მასტერშეფში მიიღო მონაწილეობა.მომღერლის აქამდე უცნობი ნიჭი ტელემაყურებელმა მასტერშეფის მეორე გადაცემაში იხილა. სოფოს მომზადებულმა კურდღელმა პიტნისა და ყველის სოუსებით ყველაზე მკაცრი ჟიურიც კი მოხიბლა და მომღერალმა წინსაფარი დაიმსახურა.

 

რაზე ოცნებობს და რატომ გადაწყვიტა "მასტერშეფში" მონაწილეობის მიღება - ამაზე სოფო ხალვაში გვესაუბრა.

 

რატომ გადაწყვიტეთ "მასტერშეფში" მონაწილეობის მიღება?

 

გურმანი ვარ და ამასთანავე, დიდი ხანია, რაც კულინარიამ გამიტაცა. ხშირად ვამზადებ იმას, რაც არ არსებობს. გამოვაღებ მაცივარს და რა პროდუქტებიც დამხვდება, იმით შემიძლია კერძის მომზადება. მეგობრებისთვისაც სასურველი სტუმარი ვარ, მელოდებიან, როდის მივალ, რომ რამე მოვამზადო. მერე რომ მეკითხებიან, რა გავაკეთე და რეცეპტს მთხოვენ, ვერაფერს ვერ ვამბობ, რადგან მართლა არ ვიცი, რა მოვამზადე.

ეს პროექტი ჩემთვის ახალი გამოწვევაა. მინდა, ჩემი თავი და სხვებიც დავარწმუნო, რომ მე ეს შემიძლია.

 

რითი ჰგავს და განსხვავდება ერთმანეთისგან მუსიკალური და კულინარიული კონკურსები?

 

მსგავსება ის არის, რომ ორივე შემთხვევაში ჟიური გაფასებს. აქედან გამომდინარე, ბოლომდე დარწმუნებული ვერ იქნები შენს შესაძლებლობებში. შეიძლება, შენი თავით კმაყოფილი იყო, მაგრამ სხვას არ მოეწონოს.

განსხვავებას რაც შეეხება, მუსიკალურ კონკურსში ბევრად უფრო თავდაჯერებული ვარ. როცა სცენაზე ვდგავარ და ვმღერი, ვიცი ის საქმე, რასაც ვაკეთებ. კულინარიაში კი ეს თავდაჯერებულობა ნამდვილად მაკლდა.

 

 

პირველ ტურში კურდღელი მოამზადეთ, რაც, როგორც ჟიურიმ აღნიშნა, საკმაოდ რთული მოსამზადებელია. მასზე რატომ შეაჩერეთ არჩევანი?

 

პირველი კერძი ის მოვამზადე, რაც მეც და ჩემს შვილებსაც ძალიან გვიყვარს, ბევრჯერ მომიმზადებია და ასე თუ ისე, თავდაჯერებული ვიყავი.

კურდღლის ხორცისთვის ორი სახის სოუსი მქონდა. ყველის სოუსებს ხშირად ვამზადებ და ვიცოდი, რომ გამომივიდოდა, პიტნის სოუსი კი მანამდე არ გამიკეთებია, კასტინგის დღეს მოვიფიქრე და ძალიან გამიხარდა, რომ გაამართლა.

 

კურდღელი კარტოფილის გარნირით, პიტნისა და ყველის სოუსთან ერთად - სოფო ხალვაშის რეცეპტით

 

რას გრძნობდით, როცა ჟიური თქვენს კერძს აგემოვნებდა?

 

კასტინგზე ძალიან ვინერვიულე, არ მეგონა, რომ ასეთი რთული იქნებოდა.

თავიდან ველოდი, რომ მოეწონებოდათ, მაგრამ როდესაც კერძის გასინჯვა დაიწყეს და მათი სახეები დავინახე, ნერვიულობა დამეწყო. ვერ ვხვდებოდი, მოეწონათ, თუ არა.

 

მეორე ტურში გადახვედით. რა მოლოდინები გაქვთ?

ჩემთვის, როგორც მოყვარული კულინარისთვის, მეორე ტურში გადასვლაც დიდი წარმატებაა, მით უმეტეს, რომ ძალიან ძლიერი კონკურსანტები იღებენ მონაწილეობას. პირველი ტურის შემდეგ ბევრად უფრო მიზანდასახული გავხდი. ვფიქრობ, რადგან აქ ვარ, ისე უნდა მოვამზადო, რომ ჟიურის მოწონება დავიმსახურო. ყველა კონკურსანტს წარმატებას ვუსურვებ და იმედი მაქვს, თითოეული ჩვენგანი ამ საქმიანობას რაღაც ფორმით მაინც გავაგრძელებთ.

Image may contain: 1 person, smiling, indoor

 

როგორ ხედავთ თქვენ თავს ამ სფეროში?

ყოველთვის ვოცნებობდი, პატარა კაფე მქონოდა სასიამოვნო მუსიკითა და გემრიელი კერძებით, რომლებსაც მე შევარჩევდი და თავადაც მოვამზადებდი. "მასტერშეფში"მოსვლის შემდეგ ეს სურვილი კიდევ უფრო გამიძლიერდა და არ გამოვრიცხავ, რომ მალე ოცნება ავიხდინო.