ჯოზეფ სმიტის გასტრონომიული გამოცდილება: „ჩანგალზე კი არ ჩამოვსულვარ საქართველოში, რომ სულ ვიღაცის სტუმარი ვიყო“ - Gemrielia.ge

ჯოზეფ სმიტის გასტრონომიული გამოცდილება: „ჩანგალზე კი არ ჩამოვსულვარ საქართველოში, რომ სულ ვიღაცის სტუმარი ვიყო“

ჟურნალისტი, რადიოწამყვანი და სამოქალაქო აქტივისტი ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი უკვე შვიდი წელია საქართველოში ცხოვრობს და ორი წლის წინ საქართველოს მოქალაქეც კი გახდა. ჯოზეფი ყველა საზოგადოებრივ პროცესში აქტიურად ერთვება; ამბობს, რომ მისი მოწოდება პოლიტიკაა, თუმცა ცოტა ხნის წინ ძალები კულინარიაშიც მოსინჯა და მსოფლიოში ყველაზე რეიტინგული კულინარიული შოუს ქართულ ანალოგში „მასტერშეფში“ მიიღო მონაწილეობა.


რატომ უწოდებს თავის თავს „იმერლების ნაშვილებს“, რა გეგმები აქვს ჭიათურასთან დაკავშირებით და რას ფიქრობს ქართულ კულინარიაზე - ამის შესახებ ჯოზეფი  გვესაუბრა.


საქართველოს პირველად როდის ეწვიეთ და რამ გადაგაწყვეტინათ აქ დარჩენა?


პირველად საქართველოში 2011 წელს ჩამოვედი. ძალიან მომეწონა აქაური გარემო, ბუნება და ერთი წლის შემდეგ საცხოვრებლად დავრჩი.
„კავკასიის ბუნების ფონდში“ დავიწყე მუშაობა, რაც დამეხმარა სულ სხვა საქართველო აღმომეჩინა. ვნახე, რამხელა პოტენციალი აქვს ეკოტურიზმს, ადგილობრივი მოსახლეობა გავიცანი. ისეთი ადგილები მოვინახულე, რომელიც შეიძლება ბევრ ქართველსაც კი არ ჰქონდეს ნანახი: თუშეთი, მაღალმთიანი აჭარა, კინტრიშისა და ვაშლოვანის ნაკრძალები და სხვა.


განსაკუთრებულად მახსენდება აფხაზეთში ჩასვლა. იქ პირველად 2014 წელს ვიყავი, Peacebuilding-ის პროექტის ფარგლებში მოვხვდი, სოციალურ თემატიკაზე სტატიებს ვწერდი. მაშინ აფხაზეთში განსაკუთრებულად შეიმჩნეოდა საგზაო უსაფრთხოების, ნარკოტიკების პრობლემა და ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო. 


2017 წელს მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდით კენჭს. შემდეგ არჩევნებშიც ხომ არ აპირებთ მონაწილეობის მიღებას?


არჩევნების პერიოდი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო გამოცდილება იყო. შემდეგი არჩევნებისთვის კონკრეტული გეგმა არ მაქვს, თუმცა ჩემი მოწოდება ნამდვილად არის პოლიტიკა. ჩვენ გვჭირდება პოლიტიკოსები, რომლებიც მოსახლეობის ინეტერსებს დაიცავენ და გამდიდრებაზე არ იქნებიან ორიენტირებული. გულწრფელად მინდა, რომ წვლილი შევიტანო საქართველოს განვითარებაში, არა სადღეგრძელოებითა და ლამაზი სიტყვებით, არამედ საქმით.

 


კულინარიით როდის დაინტერესდით?


დედაჩემი სინგაპურსა და მალაიზიაში გაიზარდა. ეს უკანასკნელი მაშინ ბრიტანეთის კოლონია იყო. დედაჩემმა იქ ისწავლა მალაიზიური ენა, კულინარია და ხშირად მიყვებოდა იქ გატარებული ცხოვრების შესახებ. სხვა ქვეყნების კულტურით პირველად მაშინ დავინტერესდი. ცოტა რომ წამოვიზარდე, კულინარიული გადაცემების ყურება დავიწყე. განსაკუთრებულად მომწონდა კენ ჰომის გადაცემა ჩინურ სამზარეულოზე. მისი წიგნი ვიყიდე და დედაჩემთან ერთად ვამზადებდი ჩინურ კერძებს. მოკლედ, მალაიზიურ და ჩინურ სამზარეულოზე გავიზარდე და არასოდეს გამნელებია კულინარიისადმი ინტერესი.

 

Image may contain: 1 person, sitting and table


ქართულ სამზარეულოზე რას გვეტყვით?


ქართულმა სამზარეულომ თავიდანვე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. პირველად რომ ჩამოვედი საქართველოში, მარიამობისწინა მარხვის პერიოდი იყო. მეგობარმა ბადრიჯნის ფხალი გამასინჯა. ჩემთვის ძალიან უცხო გემო ჰქონდა. მაგალითად, ქინძს ჩვენ მხოლოდ ინდურ კერძში ვიყენებთ, თქვენ კი - თითქმის ყველაფერში. ქინძი, მწვანილები, ნიორი ძალიან ცოცხალ გემოს აძლევს კერძს.


მიყვარს ქართული სამზარეულო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველდღე რესტორნებში დავდივარ. მეც ისე ვცხოვრობ, როგორც რიგითი ქართველი; ისე ვიკვებები, როგორც უმრავლესობა: წიწიბურა, კვერცხი, სალათები...

 

იხილეთ ქათმის „თიქა მასალა“ ბრინჯთან ერთად - ჯოზეფ სმიტის რეცეპტით


თქვენი საყვარელი ქართული კერძი რომელია?


ჩაქაფული და თავადაც ვაკეთებ ხოლმე. ხშირად ვამზადებ კერძებს საკუთარი ინტერპრეტაციით. მეორე ტურშიც ასე ვაპირებ და ვნახოთ, რა გამოვა. ერთადერთი, რაც ქართულ კულინარიაში არ მომწონს, ზედმეტი სერიოზულობაა. ვფიქრობ, მეტი  დრო უნდა დავუთმოთ ექსპერიმენტებს. პრინციპში, მესმის, რატომ ერიდებიან აქ სიახლეებს. არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარებაა და რა გასაკვირია, რომ ურჩევნიათ, ზედმეტი ხარჯი თავიდან აირიდონ და ტრადიციული რეცეპტით მოამზადონ კერძი.

 


„მასტერშეფში“ აღნიშნეთ, „იმერლებმა მიშვილესო“. როგორ დაუკავშირდით იმერეთს?


როგორც ჟურნალისტი და აქტივისტი, მაღაროელების მხარდასაჭერად ჩავდიოდი ხოლმე ჭიათურაში და შრომითი უფლებების შესახებ ვწერდი სტატიებს, მაგრამ ჭიათურის სოფლები არ მქონდა ნანახი. ერთხელაც, არჩევნების პერიოდში დამიკავშირდა ვალერი ჭიტაძე სოფელ  წირქვალიდან, რომელიც მანდატურია ჭიათურის სკოლაში. მას სურს, სოფელს დაუბრუნდეს და ნატურალური პროდუქცია მოიყვანოს, ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე. თავის სოფელში პატარა სახლი ააშენა, ძველი წყლის წისქვილი აღადგინა და ა.შ. მიმიწვია თავის „რანჩოზე“, ულამაზესი სოფელი მანახა. ისე შემიყვარდა იქაურობა, რომ ჩემ თავს „ნაშვილებ იმერელს“ ვეძახი. ხალხიც, როგორც იმერლებს ახასიათებთ, ძალიან კარგად დამხვდა, შესანიშნავად მიმასპინძლეს, სოფლები მომატარეს, ტრადიციები გამაცნეს. მას შემდეგ, როგორც კი დრო გამომიჩნდება, მივდივარ წირქვალში ვალერის ოჯახთან და სულიერად ვისვენებ. ოღონდ, როგორც სტუმარი ისე კი არ ჩავდივარ მათთან, მე უკვე მათი მეგობარი, ძმაკაცი ვარ, ერთად ვმუშაობთ, მიწას ვხნავთ, ბოლოს სოიო დავთესეთ, სიმინდი დავფქვით... აბა, ჩანგალზე კი არ ჩამოვსულვარ საქართველოში, რომ სულ ვიღაცის სტუმარი ვიყო!


„მასტერშეფში“ მონაწილეობა რამ გადაგაწყვეტინათ?


ვიფიქრე, რომ ეს კონკურსი კარგი საშუალება იყო, მოსახლეობისთვის მეჩვენებინა, რომ არანაკლებ საინტერესო კერძებია საქართველოს ფარგლებს გარეთ. ის კერძი, რომელიც მე მოვამზადე, ბრიტანეთის ეროვნულ კერძადაა აღიარებული; ერთმანეთთან აკავშირებს ინდოეთსა და ბრიტანეთს, შესაბამისად, დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს.

 


ელოდით მეორე ტურში გადასვლას?


ყოველ შემთხვევაში, მინდოდა, რომ გადავსულიყავი, მაგრამ ჩემზე გაცილებით გამოცდილი და ძლიერი კონკურსანტები არიან და ვღელავდი. თანაც სოუსი იმაზე სქელი გამომივიდა, ვიდრე უნდა ყოფილიყო. ამაზე ჟიურიმაც მომცა შენიშვნა, როცა თავზე დავადე ქათმის ხორცს, მაგრამ საქმე ისაა, ეს ძალიან ოჯახური კერძია, მთავარი გემოა და სერვირებაზე ბევრი არ მიფიქრია. სამაგიეროდ, გემო მოეწონა ჟიურის და წინსაფარიც მოვიპოვე.


კულინარიის მხრივ, რას გეგმავთ მომავალში?


წირქვალთან დაკავშირებით მაქვს გეგმები. მინდა პატარა კაფე ან რესტორანი გავხსნა, სადაც ადგილობრივი ბიოპროდუქცია იქნება წარმოდგენილი. მინდა ტურისტებს ნამდვილი ქართული სოფელი ვანახო და ამგვარად ხელი შევუწყო ჭიათურის პუპულა