„ისე არ ჩაივლის აღდგომა, რომ პასკები არ გამოვაცხო, ასე ვარ უკვე 17 წელია“ - დიასახლისი ლაგოდეხიდან, რომლის რეცეპტები გულგრილს არავის ტოვებს
„სამზარეულოში ფუსფუსი ძალიან მიყვარს, ასევე, ხელნაკეთი ნივთების ბრენდი მაქვს, რომელიც ჩემმა მეუღლემ გამიკეთა. პარალელურად, ორ ბიჭს ვზრდი - ორივე წარმატებული მოსწავლეა. ხშირად მეკითხებიან, ამდენს როგორ ასწრებო. რა გითხრათ, როცა რაღაც გულით გინდა, ის როგორ შეიძლება ვერ მოასწრო!“ - ამბობს ელგა ტაბატაძე. Gemrielia.ge-ის ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი.
- კულინარიით როდის დაინტერესდით?
- ლაგოდეხიას რაიონში, სოფელ გურგენიანის ერთ-ერთ ლამაზ ოჯახში დავიბადე. პროფესიით პედაგოგი ვარ. ჩემს ოჯახში ყოველთვის უგემრიელესი კერძები მზადდებოდა. ბავშობიდან ვეხმარებოდი ბებოს, მერე - დედას. 12 წლის რომ ვიყავი, სოფელში ტორტებს ვაცხობდი ქორწილებისთვის, წარმოგიდგენიათ?
ჩემი ოჯახისა და ნათესავების კონდიტერი ვიყავი. ყველას მე ვუცხობდი ნამცხვრებს, აჩმასაც ხშირად „მიკვეთავდნენ“. უარს ვერვის ვერ ვეუნებოდი და მადლობა მათ, რომ ამხელა პრაქტიკით უფრო კარგად ვისწავლე კეთება.
- კულინარიის მიმართულებით ხომ არ გააგრძელეთ სწავლა?
- არა, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის უნივერსიტეტი დავამთავრე. პროფესიით პედაგოგი ვარ, მაგრამ იმდენად მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი, რომ, თითქოს, ამასაც პროფესიად აღვიქვამ, იმის მიუხედავად, რომ არსად არ მისწავლია.
ბაბუა „პოვარი“ მყავდა, მთელი სოფელი იცნობდა და პატივს სცემდა. ძალიან ვგავარ მას. საოცრად მიყვარდა და მეამაყებოდა. განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. ისეთი დაუზარელი, ცქრიალა და ენერგიული იყო, მერცხალას ვეძახდი. სულ მეუნებოდა ბაბუ: ეს დაუმატე, ის დაუმატეო, სულ რჩევებს მაძლევდა.
- მოსწონდა თქვენი ნახელავი?
- დიახ, ყოველთვის. გასინჯავდა, თვალებს ფართოდ გაახელდა და სასწაულიაო - მეუბნებოდა. ორმოცზე სულ მე გავუკეთე რაც მასწავლა, გადაირია სოფელი. იკითხეს, „პოვარი“ ვინ იყოო და მე ვიყავი... ახლაც, ნათესავები რომ გასინჯავენ ყაურმას, შილას ან ჩაქაფულს, სულ მეუმებიან: კაკო ბიძა რომ აკეთებდა, ისეთია ზუსტადო.
იყო ერთი შემთხვევა, როცა მისი რეცეპტით მომზადებული ლობიო გავუზიარე ჯგუფის წევრებს. რა თქმა უნდა, უამრავ კარგ კომენტარში რამდენიმე ცუდიც გამოერია. ძალიან გავბრაზდი, მეწყინა, გული მეტკინა... ვერ აღგიწერთ, რა დღეში ვიყავი. არადა, რასაც ვაკეთებ, ყველაფერში ბაბუს სახელი მინდა გავაცოცხლო.
- თქვენი აზრით, რატომ წერენ ხოლმე უარყოფით კომენატრებს?
- წარმოდგენა არ მაქვს. რამდენიმე წელია უკვე სხვადასხვა ჯგუფში ვდებ ჩემს რეცეპტებს. იმდენი რამე არ მომწონებია, ვინ დათვლის, მაგრამ არავისთვის დამიწერია უარყოფითი კომენტარი. ვერ ვხვდები, რამ გაამწარა ეს ხალხი, დაწერეთ პოზიტივი, მოეფერეთ ერთმანეთს, სიყვარულის მეტს რას წავიღებთ ამ ქვეყნიდან!
ჯგუფის მოდერატორები მირჩევენ, რომ არ გამოყვე და ჩემი გემრიელობები გავაზიარო, მაგრამ დაუმსახურებელი კრიტიკა ყოველთვის მოქმედებს მოტივაციაზე.
- ოჯახის წევრები განებივრებული იქნებიან გემრიელობებით.
- რადგან ძირითადად სახლში ვარ, სულ ვცდილობ, სანამ სამსახურიდან და სკოლიდან დაბრუნდებიან, გემრიელობები დავახვედრო. ყველაფერს ოჯახური რეცეპტით ვამზადებ და ჩემებს ძალიან მოსწონთ.
- ბევრი ოჯახური რეცეპტი გაქვთ?
- სხვანაირად შეუძლებელია. ლობიო, შილა, ჩაქაფული, თევზი ქინძმარში ბაბუასგან მაქვს ნასწავლი, ხაჭაპურები და ლობიანები - ბებოს რეცეპტებიდან, ნამცხვრები და ტკბილეული კი დედამ მასწავლა.
ასევე მაქვს პასკის რეცეპტი ბებოს არქივიდან. ისე არ ჩაივლის აღდგომა, რომ პასკები არ გამოვაცხო, ასე ვარ უკვე 17 წელია.
- კულინარიასთან დაკავშირებით რამე გეგმა ან ოცნება ხომ არ გაქვს?
- დიახ, მაქვს და აუცილებლად ავიხდენ. მეუღლეც ისეთი მყავს, რომ აუცილებლად შემიწყობს ხელს. ჩემი პატარა რესტორანი მინდა გავხსნა, სადაც სულ ელგას გემრიელობები იქნება. მანამდე კი მინდა კულინარიის მიმართულებით განათლება მივიღო.
ახლა კი გიზიარებთ რეცეპტს, რომელმაც ჩვენს ჯგუფში ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა.
ყაურმა
• 2 კგ საქონლის გულღვიძლი, ანუ ჯიგარი.
• 1 კგ ხახვი
• 1 კონა ნიახური
• 1 კონა ქინძი
• 200 გრ ღვინო
• 3 სკ ტომატი
• 3 კბილი ნიორი
• 2 კოვზი კარაქი
• წითელი დაფქული წიწაკა
• დაფნის ფოთოლი
• 1 სკ ხორცის სუნელი + ცოტა ქონდარი.
მომზადების წესი:
გულღვიძლი დავჭერი ძალიან წვრილად, წამოვადუღე, დუღილის დროს მოვქაფე.
გადავიტანე ცალკე ქვაფში, დავასხი ღვინო დავადე დაფნის ფოთოლო და ჩავთუთქე ღვინოში. რომ დაიშრო დავამატე კარაქი და შევბრაწე. დავუმატე ხახვი, გრძლად დაჭრილი.
კარგად რომ დაიბრაწა, დავამატე წვრილად დაჭრილი მწვანილები, ნიორი, სუნელი, წიწაკა. ადუღებულ 500 გრ წყალში გავხსენი 3 კოვზი ტომატი და მარილი. 5 წუთი წამოვადუღე და გამოვრთე.
გემრიელად მიირთვით!