როგორ გავაფორმოთ სააღდგომო კვერცხები ენდროსა და საღებავების გარეშე - დაგჭირდებათ 1 ნივთი, რომელიც ყველა ოჯახშია - Gemrielia.ge

როგორ გავაფორმოთ სააღდგომო კვერცხები ენდროსა და საღებავების გარეშე - დაგჭირდებათ 1 ნივთი, რომელიც ყველა ოჯახშია

სააღდგომოდ კვერცხების შეღებვა უძველესი ქრისტიანული ტრადიციაა. საუკუნეებთან ერთად ამ ჩვეულებამ სიმბოლურის გარდა დეკორატიული დანიშნულებაც შეიძინა და სხვადასხვა ფერად შეღებილი კვერცხებიც გამოჩნდა.

 

უკვე ვიცით, რომ საღებავების უმრავლესობა ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს. ისიც ვიცით, რომელ საღებავებს უნდა ვუფრთხილდეთ ყველაზე მეტად.

 

თუკი ლამაზი და ფერადი კვერცხები გსურთ სააღდგომოდ და თან პატარების ჩართვაც გსურთ ამ სახალისო პროცესში, ორიგინალურ და ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო მეთოდს გთავაზობთ.

 

 

დაგჭირდებათ:

მოხარშული კვერცხი

ხელსახოცი (მოხატული)

კვერცხის ცილა

ფუნჯი

 

მოხატული ხელსახოცები ყველა მაღაზიაში იყიდება და შეიძლება სახლშიც გქონდეთ. ჩვეულებრივ, მათ რამდენიმე ფენა აქვთ. პირველი - მოხატული, დანარჩენი კი თეთრი. თეთრი ფენები მოაცალეთ ხელსახოცს და მხოლოდ მოხატული დატოვეთ.

 

ხელსახოცი დაჭერით პატარა ნაწილებად იმის მიხედვით, თუ რა არის მათზე დახატული. მაგალითად, ამოჭერით ყვავილები, თუკი ყვავილებიანი ხელსახოცია.

 

აიღეთ მოხარშული კვერცხი, დაიტანეთ მასზე ხელსახოცის ფრაგმენტი. ფუნჯი დაასველეთ კვერცხის ცილაში და დააფქსირეთ ფრაგმენტი კვერცხზე. როგორც ხედავთ, კვერცხის ცილა აქ წებოს ფუნქციას ასრულებს. ჩართეთ თქვენი ფანტაზია და გააფორმეთ კვერცხები სხვადასხვანაირი ფრაგმენტით.

 

გასაშრობად დააწყვეთ კვერცხები 1 საათის განმავლობაში. შემდეგ სურვილისამებრ, ზეთი გადაუსვით და ხელსახოცით გაამშრალეთ. ასე თქვენი კვერცხი უფრო იპრიალებს და შეღებილს დაემსგავსება.

 

შემოაწყვეთ თქვენი კვერცხები ჯეჯილის გარშემო და ისიამოვნეთ სააღდგომო დეკორაციით.