ამ წესების დაცვით მომზადებული ჩურჩხელა მთელი წელი ინარჩუნებს სირბილეს
ამ წესების დაცვით მომზადებული ჩურჩხელა მთელი წელი ინარჩუნებს სირბილეს


ჩურჩხელა ჩვენი ეროვნული ტკბილეულია. მის გარეშე შემოდგომა და ზამთარი წარმოუდგენელია. აბა, გაზაფხულამდე იშვიათად ჩერდება ხოლმე, ისე უცებ თავდება!

 

ჩურჩხელა კარგი რომ გამოვიდეს, თათარა საკმარისად სქელი უნდა იყოს. უშუალოდ ჩურჩხელის სისქე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. ზოგს თხელი ჩურჩხელა უყვარს, ამიტომ თათარაში მხოლოდ ერთხელ ავლებს, ხოლო ვისაც სქელი ურჩევნია, 2-ჯერ ან 3-ჯერაც კი შეიძლება ამოავლოს.

 

რამდენადაც გემრიელია ეს ჩვენი ეროვნული ტკბილეული, იმდენად რთული შესანახია. ყველაზე დიდ თავსატეხს ჩურჩხელებისთვის სირბილის შენარჩუნება ქმნის. დიასახლისების გამოცდილებაზე გეტყვით, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ჩურჩხელების მომზადების დროს.

 

 ბადაგი

 

როგორც ჩვენში ამბობენ, კარგი ბადაგი ღვთის წყალობაა, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ, რომ ნატურალური ყურძნის წვენი იყოს. მხოლოდ მისგან მომზადებული თათარა თუ ფელამუში იქნება ძალიან გემრიელიც და სასარგებლოც. ამასთანავე, თუ ბადაგს თქვენ ადუღებთ, იმდენ ხანს გააჩეროთ ცეცხლზე, რომ განახევრდეს.

 

ფოტო ელენე რამიშვილის

 

ფქვილი

 

გამოცდილი დიასახლისები გვირჩევენ, რომ თათარა რუხი ფქვილით მოვამზადოთ. თეთრი ფქვილი უმაღლესი ხარისხისაც რომ იყოს, მაინც თავისებურ გემოს მისცემს, რუხი ფქვილით მომზადებული კი განსაკუთრებულად გემრიელიც არის და თან სირბილესაც დიდხანს ინარჩუნებსო. თუ რუხი ფქვილით ჯერ არ მოგიმზადებიათ თათარა, 1/1-ზე დაუმატეთ თეთრი და რუხი. გემო და სტრუქტურა შესამჩნევად განსხვავებული იქნება.

 

თუკი მაინც თეთრი ფქვილით გადაწყვეტთ მომზადებას, მაშინ ჭიქაზე 1 სკ მჭადის ფქვილი დაუმატეთ. სხვა მეთოდების მსგავსად, ეს მეთოდიც ბევრ წელს ითვლის და როგორც ამბობენ, ამ წესით მომზადებული ჩურჩხელა რბილიც დიდხანს რჩება და გაშრობის დროს არ სკდება.

 

ასევე დაგაინტერესებთ: „ნამდვილი თათარა უნდა მომზადდეს მხოლოდ ასე...“ – როგორ შევარჩიოთ 2 მთავარი ინგრედიენტი 

 

 

თაფლი

 

კიდევ ერთი ხრიკი, რომელიც არაერთხელ არის დაცდილი, ბადაგში თაფლის დამატებაა. თათარა რომ მომზადდება, 1 ლ ბადაგზე 1 სკ თაფლი დაუმატეთ და ურბილესი ჩურჩხელები გამოგივათო, გვასწავლის ერთი ქალბატონი.

 

შენახვა

 

მას შემდეგ, რაც ყველა წესის დაცვით მოამზადებთ ჩურჩხელებს, შენახვის ჯერი დგება. გამშრალი ჩურჩხელები, ამოვლებიდან დაახლოებით 10 დღის შემდეგ, ნაჭერში შეახვიეთ და ისე შეინახეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩურჩხელებს ჰაერი არ მოხვდეს.

 

კიდევ ერთი ხრიკი, რომელსაც დიასახლისები მიმართავენ ხოლმე, ჩურჩხელებთან ვაშლების მოთავსებაა. „ვაშლებს დებდა ხოლმე ბებია ჩურჩხელებთან ერთად და სულ რბილი და დაშაქრული იყო გარედან,“ - იხსენებს კულინარიული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.

 

 

კიდევ ერთი განსხვავებული მეთოდი ჩურჩხელების საყინულეში შენახვაა: „ვიღაც იტყვის, როგორ ყველაფერს ყინავთო, მაგრამ... ამოვლებიდან 10 დღეში ჩავავალაგე პოლიეთილენის პარკში 10-10 და შევინახე საყინულეში. ზამთარში, როცა მოგინდებათ, ზუსტად ისეთ მიირთმევთ, როგორსაც შეინახავთ. არც გემოს იცვლის და არის რბილი და გემრიელი“, - წერს დიასახლისი.

 

სტატიისთვის გამოყენებულია მასალა თამო მეფიშვილის კულინარიული ჯგუფიდან

მასალის გამოყენების პირობები
30 ოქტომბერი, 2020 11:01 a.m.
ნანახია: 3053