რას იყენებთ ბისკვიტების დასანამად? რჩევები დიასახლისებისაგან
ტორტი და ნამცხვარი არის დესერტი, რომელიც დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. მასთან ერთად ხომ ყოველთვის რაიმე განსაკუთრებულს აღვნიშნავთ, იქნება ეს დაბადების დღე, ქორწილი თუ უბრალოდ, ერთი ჩვეულებრივი დღე. თითოეული ნაბიჯი მზადებისას, მოითხოვს ცოდნასა და გამოცდილებას. დღეს განვიხილოთ თემა, რომელიც ყველას აინტერესებს – ბისკვიტის დანამვა.
თამო მეფიშვილი – მე პირადად, არ ვიყენებ სიროფს. ბევრი იყენებს ტორტებში დასანამად, სიროფით დანამულ ბისკვიტს, სულ სხვა გემო აქვს, ამიტომ არ მომწონს. ნებისმიერი ტორტი, ეს იქნება ხილის თუ კენკრის, ვაყრი შაქარს, ვაყოვნებ რამოდენიმე საათით და ვნამავ მხოლოდ და მხოლოდ მიღებული წვენით. მოცემულ ფოტოზე, დანამულია მარწყვის წვენით და არანაირი დამატება.
შოკოლადის ტორტებში, ვიყენებ რძეს, არანაირი დამატკბობელი, მხოლოდ და მხოლოდ რძე.
ყავის ტორტებში, 1ჭიქა რძეს ვუმატებ 1ს/კ ყავასა და 1 ჩ/კ შაქარს, ვადუღებ და ვაცივებ, შეგიძლიათ დაუმატოთ ალკოჰოლიც.
რაფაელოს ტორტებს კი უხდება, ფორთოხლის წვენით დანამვა
ასევე დაგაინტერესებთ: დაუვიწყარი კენკრისა და ატმის ტორტი - თამო მეფიშვილის რეცეპტით
ლია სამსონაშვილი – შოკოლადის, ნიგვზისა და ყავის ტორტს საოცრად უხდება სიროფში დამატებული შედედებული რძე და ყავა. მე მას რძიან ყავას ვეძახი.
მანჩო მანია – ხილს ვაყრი შაქარს და მიღებულ წვენს ვამატებ კონიაკს. როცა ხილის ტორტს ვაცხობ, სხვა შემთხვევაში ჩაის მუქ ნაყენს ვამატებ კონიაკს
ნინო – სიროფით არასდროს დამინავს. მხოლოდ იმ ხილით, რითაც ტორტი იქნება. ხილს დავშაქრავ და ვასხამ ლიმონის წვენს რომ ბევრი წვენი გამოუშვას და ვუმატებ ცოტა კონიაკს.