არ მოტყუვდეთ ჩურჩხელის შეძენის დროს! – როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი ჩურჩხელა
დღესასწაულები ჩვენი ეროვნული ნუგბარის, ჩურჩხელების, გარეშე წარმოუდგენელია. ვისაც იმის დრო ან საშუალება არ აქვს, რომ სახლში ამოავლოს, იძულებულია უკვე მომზადებული შეიძინოს ბაზრებსა თუ მაღაზიებში. როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი ჩურჩხელა, რომ მან ჩვენს ჯანმრთელობას არ ავნოს? გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას:
არჩევისას დააკვირდით მის სუნს, სუნი უნდა იყოს არამკვეთრი. ნატურალური ბადაგისაგან დამზადებული ჩურჩხელა თათარასათვის დამახასიათებელი ფერის უნდა იყოს და არა სხვა, რომელიმე მკვეთრი ფერის.
ყიდვისას გაუსვით მას ხელსახოცი. ნატურალური ჩურჩხელა ხელსახოცზე კვალს არ უნდა ტოვებდეს.
ყიდვამდე შეამოწმეთ, ხომ არ არის წებოვანი, რადგან ასეთი ჩურჩხელა შესაძლოა ნატურალურია, მაგრამ არა ბოლომდე მშრალი და ადვილად დაობდება. თუ მაინც ახალგაკეთებული შეგხვდათ, წაიკითხეთ რჩევები, თუ როგორ შევინახოთ ჩურჩხელა, რომ დიდხანს შეინარჩუნოს სირბილე და არ დაობდეს.
ჩურჩხელაში მნიშვნელოვანია ნიგვზის ხარისხიც, დააკვირდით ჩურჩხელას გარედან, თუ ის ადგილ–ადგილ მუქი ფერისაა, დიდი ალბათობით, მასში თხილი ან ნიგოზი დაობებულია.
გარეგნული დათვალიერებით შესაძლებელია ჩურჩხელაში ნიგვზის რაოდენობის დადგენა. კარგად დააკვირდით და აირჩიეთ ისეთი პროდუქტი, რომელსაც ნიგვზის ლებნების ნაოჭი ეტყობა. ასე დაახლოებით მიხვდებით, თუ რა რაოდენობის ნიგოზია ჩურჩხელაში.