ტორტის ბისკვიტი ფაფუკი და ჰაეროვანი რომ იყოს... - რჩევები, რომლებსაც გამოცდილი დიასახლისები დამწყებებს აძლევენ - Gemrielia.ge

ტორტის ბისკვიტი ფაფუკი და ჰაეროვანი რომ იყოს... - რჩევები, რომლებსაც გამოცდილი დიასახლისები დამწყებებს აძლევენ

დღესასწაულები ტორტის გარეშე იშვიათად ჩაივლის ხოლმე. საუკეთესო ტორტის მთავარი ნაწილი ბისკვიტია - ფაფუკი, ჰაეროვანი და გემრიელი. რამდენადაც სრულყოფილია კარგი ბისკვიტი, იმდენად დასანანია ჩავარდნილი ან საერთოდ ვერამოსული. როგორ მოვამზადოთ ბისკვიტი, რომ ფაფუკი და ჰაეროვანი გამოვიდეს? გამოცდილი დიასახლისები დამწყებებს რამდენიმე რჩევას უზიარებენ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ გამოვაცხოთ ე.წ. „შიფონის“ ბისკვიტი ტორტებისთვის?

 

•    ნუ გამოიყენებთ ზედმეტ შაქარს - ბეზეს ამოყვანისთვის შაქარი მნიშვნელოვანია, მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ თუ ნორმაზე მეტ შაქარს დაუმატებთ, ბისკვიტი უკეთ ან უფრო სწრაფად ამოვა. პირიქით, ბევრი შაქარი ბისკვიტს დაამძიმებს და ამოყვანაში ხელს შეუშლის. ასევე გაითვალისწინეთ, რომ შაქარი ეტაპობრივად უნდა დაუმატოთ კვერცხს და არა ერთიანად.

 

•    ცილის თქვეფის დროს ცოტა ცივი წყალი დაუმატეთ - ეს რჩევაც მრავალწლიან გამოცდილებას ეფუძნება. როგორც ამბობენ, ცილისთვის ცოტა ცივი წყლის დამატებით ბისკვიტი საოცრად ფაფუკი ხდება.

 

•    ნუ გამოიყენებთ ბევრ ფქვილს - უფრო მეტიც, გვირჩევენ, რომ ფქვილის მითითებულ რაოდენობას 1 სკ დავაკლოთ კიდეც. ბევრი ფქვილი ცომს დაამძიმებს და ამოყვანაში ხელს შეუშლის.

 

 

•    ფქვილი აუცილებლად გაცერით - სანამ ცომს დაუმატებთ, არ დაგეზაროთ და ფქვილი საცერში გაატარეთ, საცერითვე ნელ-ნელა დაუმატეთ ცომს და არა ერთბაშად.

 

•    ფქვილი შეურიეთ ხის ან სილიკონის კოვზით - თუკი კარგი მიქსერი გაქვთ, რომელიც იმედს არასოდეს გიცრუებთ, კი ბატონო, მაგრამ სხვა შემთხვევაში, ფქვილის ჯერი როცა მოვა, ხის ან სილიკონის კოვზი გამოიყენეთ და ნელ-ნელა დაუმატეთ, ფრთხილადვე ამოურიეთ.

 

•    არ გამოაღოთ ღუმელის კარი - სანამ ცხობის დრო არ ამოიწურება, ღუმელის კარს ნუ გამოაღებთ, თორემ ბისკვიტი ჩავარდება და მას ვეღარაფრით ვუშველით.

 

წაიკითხეთ წესები, მაგრამ მაინც შიშობთ? მაშინ სცადეთ ეს ბისკვიტი, რომელიც ყოველთვის გამოდის

 

https://gemrielia.ge/recipe/4530-rogor-gamovacxoT-e-w-Sifonis-biskviti-tortebisTvis/