„რაც მიქსერის ხელში დაჭერა შევძელი, მას შემდეგ გატაცებული ვარ კულინარიით“ - გაიცანით 15 წლის დამწყები კულინარი ანდრია გრძელიშვილი - Gemrielia.ge

„რაც მიქსერის ხელში დაჭერა შევძელი, მას შემდეგ გატაცებული ვარ კულინარიით“ - გაიცანით 15 წლის დამწყები კულინარი ანდრია გრძელიშვილი

15 წლის ანდრია ჟურნალისტ დაჩი გრძელიშვილისა და „გემრიელიას“ პირველი რედაქტორის, ირმა იანტბელიძის, ვაჟია. როგორც გვითხრა, კულინარიამ ბავშვობიდან გაიტაცა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან მისი დედა არაერთი კულინარიული წიგნის ავტორ-შემდგენელია და ოჯახში კულინარია ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. გაიცანით დამწყები კულინარი და შეაფასეთ მისი ნახელავი.


 


- როდის დაინტერესდი კულინარიით?


 


- 7-8 წლიდან. რაც მიქსერის ხელში დაჭერა შევძელი, მას შემდეგ გატაცებული ვარ კულინარიით. ხოლო სერიოზულად ამ სფეროს ერთი წლის წინ შევხედე, კარანტინის პერიოდში. ჩემს ნათესავებთან ერთად ვიყავი. კექსის გამოცხობა გადავწყვიტე. თან ვცდილობდი ინგრედიენტები დამემახსოვრებინა, რომ რეცეპტის დახმარების გარეშეც მომეხერხებინა მომზადება.


 


კულინარიით ჩემი დაინტერესება დედაჩემის დამსახურებაა. მე და ჩემს და-ძმას ყოველთვის გვაძლევდა დახმარების საშუალებას. როცა რამეს ვამზადებ და დახმარება მჭირდება, რჩევებს მაძლევს, მომზადების წესებს მაცნობს. ასევე, ინგლისურენოვანი რეცეპტებისა თუ მომზადების ტექნიკის გათავისებაში მეხმარება. რაც მთავარია, ყოველთვის გულწრფელად მეუბნება, რა იყო კარგი და რისი დახვეწა და განვითარება იქნება უკეთესი. ჩემს და-ძმასთან ერთადაც ხშირად ვამზადებ, ზოგჯერ ვეჯიბრებით კიდეც ერთმანეთს, კონკურსებს ვატარებთ.


 



 


- სხვებთან ერთად მომზადება უფრო გიყვარს, თუ დამოუკიდებლად?


 


- გააჩნია, რას და ვისთან ერთად ვამზადებ. როცა რაღაცას პირველად ვამზადებ, დამოუკიდებლად მირჩევნია მუშაობა, რათა რეცეპტზე ვიყო კონცენტრირებული, მომზადების ყოველი საფეხური ზედმიწევნით ზუსტად შევასრულო. ხოლო როცა კერძი კარგად მაქვს გათავისებული, მაშინ სხვის დახმარებას სიამოვნებით ვიღებ. მაგალითად, ვეტყვი: შენ ეს დამიჭერი, შენ ეს გამიკეთე...


 


- კერძების მომზადება უფრო გიყვარს, თუ დესერტების?


 


- კერძების, რადგან სისწრაფეში უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. მიყვარს, როცა ერთდროულად რამდენიმე რამე უნდა ვაკეთო და ყურადღება სწორად მქონდეს გადანაწილებული. დესერტებსაც ხშირად ვამზადებ და ვფიქრობ, დესერტსა და კერძებში თითქმის ერთნაირ დონეზე ვარ.


 



 


- რომელი გირჩევნია: როცა რეცეპტს მიჰყვები, თუ იმპროვიზაცია გიყვარს?


 


- იმპროვიზაციას რამდენჯერმე ძალიან ცუდი შედეგი მოჰყვა. მერე ვისწავლე მისი „სწორი გამოყენება“: ჯერ რეცეპტს კარგად ვიმახსოვრებ, რათა მისი ყველა შესაძლებლობა გაანალიზებული მქონდეს. მერე იმპროვიზაციას ფრთხილი ნაბიჯებით ვიწყებ, რომ კერძი არ ჩავშალო. რამდენჯერმე იმპროვიზაციამ საკმაოდ კარგად ჩაიარა.


 


- რა არის შენთვის კულინარია?


 


- კულინარია ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან ამით შემიძლია ადამიანი გავაბედნიერო, კარგ ხასიათზე დავაყენო. მეორე მხრივ, ეს არის ძალიან კარგი საშუალება, რომ ჩემი შინაგანი სამყარო გამოვხატო.


 


კულინარია ისეთი რამეა, რასაც ძალიან ბევრ რამეს ვამჯობინებ: დავალების დაწერას, დალაგებას... მაგრამ ვცდილობ დრო სწორად გადავანაწილო და სხვა აუცილებელი საქმეები შეუსრულებელი არ დამრჩეს, რაც საკმაოდ რთულია, რადგან რამის კეთებას თუ დავიწყებ, ვეღარ ვჩერდები, სულ მინდა, რომ ვაკეთო. ასე რომ, თუ ავენთე და ეშხში შევედი, ძალიან მიჭირს გაჩერება, რადგან ძალიან მსიამოვნებს კერძების მომზადება.


 





- დედა კულინარიულ ჯგუფში აქვეყნებს ხოლმე შენს ნახელავს. კომენტარებს თუ კითხულობ და რა რეაქცია გაქვს?


 


- დიახ, ვკითხულობ ხოლმე. თითქმის ყოველთვის ძალიან დადებითი კომენტარებია, რაც მამხნევებს და ძალას მაძლევს. რადგან ხალხს მოსწონს, ე. ი. მართლა გამომდის.


 


- დიდი გამოხმაურება მოჰყვა შენს ერთ-ერთ ბოლო დესერტს. ბევრმა ვერ წარმოიდგინა, რომ სწორედ დესერტი იყო და არა სარეცხი ღრუბელი.


 


- დიახ, მსგავსს ინტერნეტში წავაწყდი და გადავწყვიტე ხუმრობით გამეკეთებინა. საკმაოდ მარტივი მოსამზადებელი აღმოჩნდა. რაღაცები შევცვალე და, ვფიქრობ, სახალისო გამოვიდა.


 



 


- მომზადებისთვის შთაგონებას საიდან იღებ?


 


- ძალიან ბევრი კულინარიული წიგნი, გაზეთები და ჟურნალები მაქვს სახლში. ხან მანდ ვნახულობ, ხან ინტერნეტში წავაწყდები ხოლმე რამე საინტერესოს. ყველაზე მეტად ისეთი რეცეპტები მომწონს, რომლებიც გამოცდასავით არის და ვხვდები, რომ ის ჩემთვის კულინარიაში გადადმული ახალი ნაბიჯი, განვითარების ახალი საფეხური იქნება. 


 


- ამ ეტაპისთვის რა არის ბოლოს გადალახული საფეხური?


 


- ბოლოს beef bourguignon გავაკეთე, ასევე მაიონეზი მოვამზადე ხელის სათქვეფით. მანამდე რამდენჯერმე ვცადე და არ გამოვიდა. ახლა კი ძალიან კარგი იყო. ხელი დამეღალა, მაგრამ შედეგი ამად ღირდა. 


 


- როგორც მომავალ პროფესიას, ისე უყურებ კულინარიას?


 


- ამის შესახებ ძალიან ბევრი მიფიქრია. ვფიქრობ, რომ ნამდვილად ის პროფესიაა, რომელსაც მინდა გავყვე. მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ პროფესიონალი გავხდე. წელს კულინარიულ კოლეჯში ვაპირებ ჩაბარებას, ამიტომ მეცადინეობაზე ვარ კონცენტრირებული. 


 



 

ქათამი ბოსტნეულთან ერთად, აზიურ სტილში ანდრია გრძელიშვილისგან


ინგრედიენტები: 



300 გრ ბროკოლი 


500 გრ ქათმის ფილე (უძვლო) 


ნახევარი ჭიქა ქათმის ან სხვა ბულიონი 


2 ჩ.კ. სიმინდის სახამებელი


2 ს კ. სოიის სოუსი 


2 ს. კ. თეთრი ღვინო 


2 ს. კ. ღვინის ძმარი


2. ს. კ. ვორჩესტერის სოუსი 


2 ს. კ. გახეხილი ჯანჯაფილი 


2  ს. კ. წვრილად დაჭრილი  ნიორი 


50 გრ მოხალული არაქისი


ცოტაოდენი ზეთი - შესაწვავად


 


მომზადების წესი