„ქსოვრისში ოთხ შვილთან ერთად დასახლდნენ... მხარდამჭერი ვიქნები მათი“ - ზურა შევარდნაძის ემოციური პოსტი მრავალშვილიან ოჯახზე - Gemrielia.ge

„ქსოვრისში ოთხ შვილთან ერთად დასახლდნენ... მხარდამჭერი ვიქნები მათი“ - ზურა შევარდნაძის ემოციური პოსტი მრავალშვილიან ოჯახზე

„გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს იმ ოჯახის შესახებ, რომელიც ქალაქიდან სოფელში გადასახლდა და მეურნეობას მიჰყო ხელი. სხვათა შორის, ამ ახალგაზრდა წყვილთან ინტერვიუ უკვე შემოგთავაზეთ:

 

„სოფელში მეუღლესთან და შვილებთან ერთად ვცხოვრობ. ჩემი ოჯახის მთავარი საქმიანობის სფერო სოფლის მეურნეობაა. ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ ორგანულ სოფლის მეურნეობას და მინიმუმამდე დავიყვანოთ ქიმიური დანამატების მოხმარება. სახელმწიფო პროექტით გაშენებული გვაქვს ჟოლოს ბაღი, რომელსაც შვილივით ვუვლით და გვინდა შემოსავლის წყაროდ ვაქციოთ. ასევე გვყავს ფუტკრები. თაფლის გარდა ვიღებთ ფუტკრის რძეს, სანთელს და სხვა,“ - ამბობს ქეთი დვალი.

 

 

როგორც ჩანს, ზურა შევარდნაძე ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა. იგი წერს: „მუხრანიდან სამ კილომეტრში სოფელ  ქსოვრისში ოთხ შვილთან ერთად დასახლდნენ, ბაბუა ბებიის სახლში. იქაურობას ხელი შეავლეს, შუშაბანდი შეღებეს, მიტოვებული ვენახი გასხლეს და აღადგინეს, ბოსტანში ნიორი, ხახვი, კარტოფილი, წიწაკა და პამიდირი დარგეს. ხეივნებიც შეასწორეს და მოაწესრიგეს.
ბალახი გათიბეს, ხეხილი ჩაყარეს და უკვე პირველი მოსავალიც აქვთ.


ქათმები და კურდღლებიც მოუმრავლებიათ. ძროხას შემოდგომამდე ვერა, ვემზადებითო.


ბევრი ახსნა არ დასჭირებიათ,  რას გამომაპარებდა? სოსოს ხელებზე ეტყობა როგორ  და რასაც შრომობს. 


ქეთიმ წინსაფარი მალევე მოიხვია და კეთილად, ზომიერად, გემრიელად გვიმასპინძლა.


ქეთი და სოსო ლოხიშვილის  ოჯახი ის მაგალითია რომელიც ცოცხლად თუღა არსებობდა აღარ მეგონა. 


სახლის მეორე სართულზე ორი სასტუმრო ოთახის გამართვას მალე შეძლებენ და ოჯახებს ბავშვებით ვისაც სოფელთან, სიკეთესთან, ადამიანურობასთან, ზომიერებასთან, წესიერებასთან, სიმშვიდესთან, სოფელთან და სოფლურ ცხოვრებასთან ურთიერთობა მოუნდება უმასპინძლებენ.


მე ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი ვიქნები მათი და სანამ თავს არ მოვაბეზრებ ვივლი ხშირად, ისე წინათ ნათესავები, რომ დავდიოდით ერთმანეთთან.