თუკი კოვიდის შემდეგ ჯერ კიდევ არ დაგბრუნებიათ გემოსა და ყნოსვის შეგრძნება, წაიკითხეს ეს სტატია - Gemrielia.ge

თუკი კოვიდის შემდეგ ჯერ კიდევ არ დაგბრუნებიათ გემოსა და ყნოსვის შეგრძნება, წაიკითხეს ეს სტატია

კორონავირუსის სიმპტომებიდან ყველაზე გავრცელებულია გემოსა და ყნოსვის შეგრძნებების დაკარგვა. თუკი სხვა ვირუსების შემთხვევაში ყნოსვა ორი კვირის ვადაში ბრუნდება, კორონავირუსის შემთხვევაში ეს მკვეთრად ინდივიდუალურია და ზოგიერთი პაციენტი თვეების განმავლობაში ელოდება მის აღდგენას.

 

რაც შეეხება გემოს: პაციენტები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, ორ სიმპტომს უჩივიან: გემოს დაკარგვას ან პირში უსიამოვნო გემოს შეგრძნებას. საკვებს გემოსა და ყნოსვით აღვიქვამთ. ამაში ხუთი ძირითადი გემოს აღქმა გვეხმარება: ტკბილი, მჟავე, მარილიანი, მწარე და ცხარე. თითქოს, ყნოსვის დარღვევას გემოს დაკარგვასთან საერთო არაფერი არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ადამიანები კორონავირუსის დროს და მას შემდეგაც გემოსა და ყნოსვას განსხვავებულად აღიქვამენ. ამის გამო მათი საყვარელი საკვები გემრიელად აღარ ეჩვენებათ, ამიტომ მადაც ეკარგებათ და, საბოლოოდ, ჯანმრთელობა საფრთხის წინაშე დგება. ეს მაშინ, როდესაც კორონავირუსის გადატანის შემდეგ კარგ კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს

 

 

როგორ დავიბრუნოთ გემო და ყნოსვა კორონავირუსის გადატანის შემდეგ?

 

როგორც აღვნიშნეთ, ყნოსვისა და გემოს შეგრძნებების აღდგენის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. დღეისათვის ამ პროცესის დამაჩქარებელი მედიკამენტი არ არსებობს, თუმცა სპეციალისტები მაინც გვიზიარებენ რამდენიმე რჩევას, რომლის დახმარებითაც გემო შეიძლება სრულად ვერ დაიბრუნოთ, მაგრამ, თუკი საკვებს თქვენთვის უჩვეულო გემო აქვს, მის გამოსწორებაში მაინც დაგეხმარებათ.

 

•    პოსტკოვიდური პერიოდის ერთ-ერთი ნიშანი გემოვნების ცვლილებაა, ამიტომ, თუკი აღარ გსურთ იმ საკვების მიღება, რომელსაც ადრე მიირთმევდით, თავს ძალას ნუ დაატანთ, ექსპერიმენტები ჩაატარეთ და ახალი კერძები მოამზადეთ;

 

•    გააძლიერეთ პირის ღრუს ჰიგიენა. მეტი სისუფთავისთვის გამოიყენეთ გამოსავლები სითხე;

 

•    თუკი შეამჩნევთ, რომ კერძების მზადების დროს წარმოქმნილი სუნი არ გსიამოვნებთ და მადას გიქვეითებთ, მცირეხნიან ალტერნატივად ცივი ან მზა კერძები, ან ნედლი საკვები შეარჩიეთ;

 

 

•    ორგანიზმის მოსაღონიერებლად მნიშვნელოვანია ცილებით მდიდარი საკვების მიღება. საკვებმა, რომელიც ცილების მაღალი შემცველობით გამოირჩევა, შეიძლება მომწარო ან ლითონის გემო დაგიტოვოთ. ამის თავიდან ასარიდებლად და არომატის გასაუმჯობესებლად ხორცი ტკბილ ან მჟავე მარინადში გააჩერეთ. საუკეთესოა წითელი ხორცი, ფრიველის ხორცი, თევზი, კვერცხი, ყველი, ლობიო;

 

•    გემოს შეგრძნების მალე დასაბრუნებლად გამოიყენეთ ინტენსიური გემოს სოუსები: ვაშლის, პიტნის, მოცვის; ასევე, ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს, მდოგვი, მწნილი და სუნელები;

 

•    თუკი პირში მოტკბო გემოს გრძნობთ, მჟავე, ციტრუსის სასმელები მიირთვით, როგორიცაა ფორთოხლის, ლიმონის ან ლაიმის წვენი (ან უბრალოდ დაუმატეთ ისინი საყვარელ დესერტებს);

 

 

•    თუკი საკვებს ლითონის გემო აქვს, ლითონის დანა-ჩანგლის ნაცვლად პლასტმასის გამოიყენეთ; ასევე, მინის ჭურჭელს მიანიჭეთ უპირატესობა;

 

•    თუკი საკვები ზედმეტად მჟავე ან მარილიანი გეჩვენებათ, სცადეთ მათი დამატკბობლებით გაგემრიელება, როგორიცაა: თაფლი, შაქარი, სხვასხვა მცენარის სიროფი;

 

ეს რჩევები დაგეხმარებათ, რომ გემოს რეცეპტორები სულ ცოტათი მაინც გამოაცოცხლოთ. თუკი ჯერ კიდევ არ დაგბრუნებიათ გემოსა და ყნოსვის შეგრძნება, ნუ შეგეშინდებათ. მთავარია, ამ დანაკლისმა მადა არ დაგიქვეითოთ, რადგან ნებისმიერი ვირუსის გადატანის შემდეგ იმუნიტეტის აღდგენა, პირველ რიგში, სწორედ კვებით არის შესაძლებელი.