myquiz

როგორ გავაწყოთ 2022 წლის საახალწლო სუფრა მინიმალისტურად, თუ ტრადიციული კერძების მომზადება არ გვინდა - Gemrielia.ge

როგორ გავაწყოთ 2022 წლის საახალწლო სუფრა მინიმალისტურად, თუ ტრადიციული კერძების მომზადება არ გვინდა

 
რა უნდა ქნა, როდესაც საერთოდ არ გაქვს დრო (ან სურვილი), დილიდან გაზქურასთან იტრიალო და ტრადიციული საახალწლო კერძები მოამზადო? ან, თუ მასტერშეფის კულინარიული უნარები ისევე შორსაა შენგან, როგორც სანტა ლაპლანდიაში? მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან გინდა, რომ საახალწლო მაგიდა გემრიელი და ლამაზი კერძებით გააწყო? 

 

გამოსავალი მარტივია: უნდა მოამზადო მარტივი და საინტერესო საახალწლო კერძები და წინასწარ მოიფიქრო მენიუ.  კრეატიული მიდგომა ნამდვილად საუკეთესო გამოსავალია მათთვის, ვისაც არ ჰყოფნის სამზარეულოში დიდხანს ფუსფუსისთვის დრო და ნერვები. 

 

მინიმალისტური, მარტივი და გემრიელი კერძებით საახალწლო მენიუს შედგენაში ჩვენ დაგეხმარებით! გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც ოჯახის წევრებისა და სტუმრების გაოცებაში დაგეხმარებათ.

 

გამომდინარე იქიდან, რომ 2022 წელი ვეფხვის წელია, საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს ხორცი. ხორციანი კერძების მომზადება საკმაოდ დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ უბრალოდ ხორცპროდუქტების გამოყენება ჭკვიანური გამოსავალი იქნება.

 

1. სალათა შაშხითა და შავი ქლიავის ჩირით

 

 

ძალიან მარტივი სალათა, ორიგინალური და განუმეორებელი გემოთი, რომელიც სულ რაღაც 5 წუთში მზადდება და იდეალურად უხდება სადღესასწაულო სუფრას. მთავარი ინგრედიენტი, რომელიც საინტერესო გემოს ქმნის - შაშხი და ქლიავის ჩირია. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ შაშხი სწორად შეარჩიოთ. გემოების იდეალური კომბინაციისთვის აიღეთ „ნიკორას“ შაშხი „შეიკა“ – 250 გ. კიტრი - 150 გ. კვერცხი 3 ც. ყველი 110 გ. შავი ქლიავის ჩირი 70 გ. მაიონეზი 125 გ. ნიგოზი დაუმატეთ სურვილისამებრ. 
 

 

მომზადება:

 

შაშხი „შეიკა“ და კიტრი დაჭერით მოგრძო ნაჭრებად. თეფშზე პირველ ფენად მოათავსეთ შაშხი, შემდეგ - მაიონეზი, კიტრი, ისევ მაიონეზი. ზემოდან მოაყარეთ სქლად გახეხილი მოხარშული კვერცხი, მარილი და პილპილი. ისევ გაიმეორეთ მაიონეზის ფენა. შავი ქლიავის ჩირი დაჭერით წვრილად და შემდეგ ფენად გადაანაწილეთ. მოახეხეთ ყველი (ჩედარი, პარმეზანი, ან სულგუნი) და სადღესასწაულო სალათაც მზადაა. მიირთვით მომზადებიდან 20-30 წუთის შემდეგ, რომ კერძს გემოები კარგად გაუჯდეს. 

 

2. ყველის და ხორცის დაფა

 

~

 

ყველაზე მარტივი და სწრაფი მეთოდი, დაანაყრო მოულოდნელი სტუმრები - ყველის და ხორცის დაფაა, რომელიც ძალიან უხდება სადღესასწაულო სუფრას და განსაკუთრებით ღვინოს. ძეხვეული და შაშხები ძალიან თხლად უნდა დაიჭრას. შეარჩიეთ სხვადასხვა სახეობის ძეხვეული და შაშხი. მაგალითად, ნედლად შებოლილი „სალიამი“, „ბრაუნშვაიგური“ („კაიზერის“ სერიიდან), „მანდოლინა“, „პროშუტო“ და „შაშხი ბეკონი“. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ხორცპროდუქტები უკვე დაჭრილი სახით, შეფუთვითაც შეიძინოთ. ყველი შეგიძლიათ დაჭრათ პატარა კუბებად. დაფას ასევე მოუხდება თაფლი, თხილეული და ხილი (ყურძენი, მსხალი, მარწყვი). 

 

3. რულეტი წითელი თევზით

 

 

მარტივი, ლამაზი და ნოყიერი კერძია. დაგჭირდებათ 1 თხელი ლავაში; 250 გ. მდნარი ყველი; 200 გ. ნორვეგიული ორაგული; 20 გ. ოხრახუში; 20 გ. მწვანე ხახვი; 20 გ. სალათის ფოთოლი და 15 მლ. ლიმონის წვენი. 

 


 

მომზადება:

 

გარეცხეთ და გააშრეთ მწვანილი. ოხრახუში და მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად და შეურიეთ მდნარ ყველს. მასა კარგად აურიეთ და დაუმატეთ ლიმონის წვენი. ლავაშს წაუსვით მიღებული მასა, დაფინეთ ნორვეგიული ორაგულის თხელი ნაჭრები, ზემოდან დაადეთ მშრალი სალათის ფოთლები. გადაახვიეთ რულეტის ფორმაზე და დაჭერით პორციებად. იმისთვის, რომ რულეტები არ დაიშალოს, შეგიძლიათ მწვანე ხახვის ფოჩებით შეკრათ. 

 

4. ხიზილალის აპეტაიზერი

 

 

ხიზილალის აპეტაიზერი უცხო, ლამაზი და ძალიან გემრიელია. მის მოსამზადებლად სულ რამდენიმე ინგრედიენტია საჭირო: ხიზილალა, ავოკადო, პური, კიტრი და  კრემ-ყველი. 

 

მომზადება:

 

დააბლენდერეთ ავოკადო და მოათავსეთ პატარა, გამჭვირვალე შუშის ჭურჭელში. მოაყარეთ ზემოდან ხიზილალა. ცალკე, გახუხეთ პური (სასურველია მრგვლად იყოს დაჭრილი). გახუხულ პურს გადაუსვით კრემ ყველი, დააწყვეთ კიტრის თხელი ნაჭრები და ასე რამდენიმე ფენად გააკეთეთ. გააფორმეთ საახალწლო სუფრა გემრიელი და ჯანსაღი აპეტაიზერით. შეგიძლიათ შეიძინოთ „ოკეანეს" ორაგულის წითელი ხიზილალა "ნიკორას“ სუპერმარკეტებში.

 

5. დესერტი: ზეფირის ტორტი ცხობის გარეშე

 

 

მარტივი საახალწლო კერძები - არ ნიშნავს მხოლოდ ხემსს და სალათებს. არის ბევრი ლამაზი, გემრიელი და მარტივი დესერტის რეცეპტი, როგორც მაგალითად, ზეფირის ტორტი ცხობის გარეშე.  მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 3 მზა ბისკვიტის ფირფიტა, რომელიც შეგიძლიათ მაღაზიაში იყიდოთ; 300-400 გ. ზეფირი; 300 გ. ვაფლის ჩხირი; 500 მლ. ცხიმიანი ნაღები (33%) ასათქვეფად; 100 გ. შაქრის პუდრი; მარმელადი და ხილი. მოსართავად შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა კანფეტები. 

 

მომზადება:

 

გაცივებული ნაღები ათქვიფეთ შაქრის პუდრასთან ერთად, რომ მიიღოთ სქელი და მყარი კრემის მასა. პირველ ბისკვიტის ფენას წაუსვით კრემი, შემდეგ დადეთ მასზე შუაზე გაჭრილი ზეფირები. ღია ადგილები კრემით შეავსეთ. დააფარეთ ბისკვიტის მეორე ფენა, ისევ კრემი და ზეფირის ფენა. ზემოდან დაადეთ მესამე ბისკვიტის ფენა და ყველა მხრიდან წაუსვით კრემი. გვერდებზე მჭიდროდ მიაკარით ვაფლის ჩხირები, რომ ღობის მსგავსი ვიზუალი მიიღოთ. ტორტი მორთეთ ხილით და კანფეტებით. 
თუ სახლში ბავშვები გყავთ, შეგიძლიათ ძალიან მარტივად იზრუნოთ მათ საახალწლო განწყობაზე და გააკეთოთ ორიგინალური დესერტი ორცხობილებით („პეჩენიით“).
 

 

ამისთვის დაგჭირდებათ ჩიტის რძე, ორცხობილები, ჟელიბონის დათუნიები, M&M’s-ის ან Skittles-ის ფერადი კანფეტები, შაქრის პუდრი მოსართავად და ცოტა გამდნარი თეთრი შოკოლადი. 

 

ბავშვებს ასევე მოეწონებათ სოსისებისგან მომზადებული ნაძვის ხეები. შეგიძლიათ ააწყოთ ნაძვის ხე შებოლილი, ან ნახევრად შებოლილი ძეხვებით/სოსისით.  ან ხის ჩხირებზე ააცვათ და ნაძვის ხის ფორმა მისცეთ. აიღეთ ისეთი პროდუქტი, რომელსაც არ სჭირდება მოხარშვა. მაგალითად,  ნიკორას „ნახევრად შებოლილი ძეხვი ექსტრა.“ 

 


მრავალ ახალ წელს დაესწარით!