5 რამ, რაზეც ქართველები წინასაახალწლოდ ერთმანეთს ვხოცავთ - Gemrielia.ge

5 რამ, რაზეც ქართველები წინასაახალწლოდ ერთმანეთს ვხოცავთ

ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია, რომელსაც მთელი წელი მოუთმენლად ველით ხოლმე. ერთი შეხედვით, საახალწლო ფუსფუსი დამღლელთან ერთად უზომოდ სასიამოვნო და სახალისოცაა, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ფიქრობთ, რომ მნიშვნელობა არ აქვს მედოვიკია თუ მედოგი, საცივს გინდ მოადუღებთ, გინდ არა, ცერეცოსა და კამას შორის არჩევანს ისე გააკეთებთ, რომ მათი სახელები არც კი გეცოდინებათ და სხვა მრავალი.

 

არცერთი ახალი წელი არ ჩაივლის დიდი განხილვის გარეშე, საცივის ადუღება-არადუღების გამო დიასახლისებს შეუძლიათ ერთმანეთი დახოცონ კიდეც, მაგრამ მხოლოდ საცივი? წარმოგიდგენთ 5 რამეს, რის გამოც საახალწლოდ ერთმანეთს ვხოცავთ (ოღონდ მართლა).

 

1.    საცივი არ უნდა მოდუღდეს?

 

 

საცივთან დაკავშირებით მთავარი შეკითხვა მის ადუღებას ეხება. ალბათ არაერთხელ მოგისმენიათ, რომ სიტყვა „საცივი“ სწორედ იმას ნიშნავს, რომ ცივად მზადდება, თუმცა დიასახლისების ნაწილი აღნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა მოდუღდეს, მაგრამ სუფრაზე ცივი მიიტანონ, ამიტომ ჰქვია საცივი.

 

ეს ეტიმოლოგიური ძიებანი დამაბნეველია, რეალობა კი ისაა, რომ საცივს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად ამზადებენ, შესაბამისად, სხვადასხვა კუთხის დიასახლისს სხვადასხვა მოსაზრება აქვს საცივის მომზადებასთან დაკავშირებით და, რაც მთავარია, ეს ყველა მოსაზრება თავისებურად ჭეშმარიტია. თუ გაინტერესებთ, რომელ კუთხეში როგორ ამზადებენ საცივს და სჭირდება თუ არა ნამდვილ მეგრულ საცივს მოდუღება, წაიკითხეთ აქ.

 

2.    მედოგი, მედოკი თუ მედოვიკი?

 

 

თაფლის ნამცხვარი უკვე წლებია, რაც ქართული საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია. მის სახელწოდებასთან დაკავშირებით ყოველთვის აზრთა სხვადასხვაობაა. უფრო მეტიც, როდესაც „გემრიელიას“ ჯგუფში ვინმე ამ ნამცხვრის რეცეპტს დებს, რეცეპტზე დიდი გამოხმაურება ყოველთვის სახელს მოჰყვება, რადგან ყველას თავისი ვარიანტი ჰგონია სწორი. აქვე გეტყვით, სწორი მედოვიკია ან უბრალოდ თაფლის ნამცხვარი.

 

3.    თაფლის ადუღება არ შეიძლება?

 

დაგაინტერესებთ: როგორ დავადგინოთ ნატურალურია თუ არა თაფლი?

 

თაფლის სასარგებლო თვისებები ამ ბოლო დროს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, ამის მიუხედავად, დიასახლისების ნაწილს სჯერა, რომ თაფლი ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელიც დუღილის დროს ყველა სასარგებლო ნივთიერებას კარგავს, სწორედ ამიტომ, ამჯობინებენ რამდენჯერმე შეათბონ და გააგრილონ თაფლი, მხოლოდ ამის შემდეგ შეურიონ დაჭრილი ნიგოზი. 

 

უნდა ვაღიაროთ და გითხრათ, რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თაფლს ადუღებამდე მიიყვანთ თუ არა, გოზინაყის მომზადება ორივე გზით შესაძლებელია. რაც შეეხება სასარგებლო ნივთიერებებს... თაფლზე ჩვენი წარმოდგენა ნამდვილად გადაჭარბებულია.

 

4.    ვინეგრეტი და ოლივიე

 

ოლივიეს რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

 

საახალწლო სუფრა სალათების გარეშე წარმოუდგენელია. ტრადიციული ქართული საცივის გვერდით ყოველთვის შეხვდებით სალათებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის პერიოდში შემოვიდა და დამკვიდრდა ჩვენს გასტრონომიაში. ამ სალათებიდან ყველაზე პოპულარულია ოლივიე და ვინეგრეტი, თუმცა ისინი ბევრს სულაც ერთი და იგივე ჰგონია.

 

უნდა გითხრათ, რომ ოლივიე და ვინეგრეტი ნამდვილად სხვადასხვა სალათას ჰქვია. ოლივიე მოხარშული კარტოფილით, სტაფილოთი, კვერცხით, ბარდითა და მოხარშული ბარდით მზადდება, ეს ყველაფერი მაიონეზით ზავდება და თეფშზე სერვირდება. ოლივიეს კლასიკურ რეცეპტში ძეხვიც აქვს დამატებული. ვინეგრეტის მთავარი ინგრედიენტი კი მოხარშული ჭარხალია და ზეთით ზავდება. ოლივიეს ძირძველი რეცეპტი ნახეთ აქ

 

5.    კამა თუ ცერეცო?

 

ნახეთ: როგორ შევინახოთ კამა ზამთრისთვის

 

თითქოს, ამ მწვანილების გარჩევა მხოლოდ წინასაახალწლოდ არ წარმოადგენს პრობლემას, მაგრამ დაჩქარებული ფუსფუსის დროს უფრო თვალსაჩინო ხდება. ვინც ერთხელ ისწავლა ცნობა, მას აღარასოდეს შეეშლება, რადგან გარეგნულადაც და სურნელითაც განსხვავდება ერთმანეთისგან.

 

როგორც საცივის შემთხვევაში, ასევე აქაც, აზრთა სხვადასხვაობის საფუძველი საქართველოს სხვადასხვა კუთხის მიმართებაა. აღმოსავლეთ საქართველოში კამას ცერეცოს ეძახიან, ცერეცოს - კამას, დასავლეთში - პირიქით. თბილისში ორივე მწვანილს კამის სახელით მოიხსენიებენ. ამბობენ, დასავლეთში მართლები არიანო, თქვენ როგორ ფიქრობთ?