როგორ აწყობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საშობაო სუფრას - წაიკითხეთ ქართული საშობაო ტრადიციები - Gemrielia.ge

როგორ აწყობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საშობაო სუფრას - წაიკითხეთ ქართული საშობაო ტრადიციები

შობას  საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთნაირი სიხარულით, თუმცა სხვადასხვაგვარი კულინარიული ტრადიციებით ხვდებიან.

საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული იყო ტრადიცია - მამაკაცებისგან შემდგარი გუნდი ქუჩებს ჩამოივლიდა და სიმღერით ულოცავდა ხალხს შობის დღესასწაულს. მახარობლებს ოჯახის დიასახლისი ტკბილეულით და სხვადასხვა პროდუქტით ასაჩუქრებდა. მოგვიანებით მამაკაცები ბავშვებმა ჩაანაცვლეს.

საქართველოში საშობაო და საახალწლო სუფრაზე სხვადასხვა კუთხეში მისთვის დამახასიათებელ სადღესასწაულო კერძებს ამზადებენ. დასავლეთ საქართველოში - საცივი, სამეგრელოში - ელარჯი და ღომი, მესხეთში - ქადები. სადღესასწაულოდ აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს ღორის ხორცი. სამეგრელოში - გოჭს წვავენ აჯიკითა და მარილ-წყლით, ამზადებენ კუპატებს ღორის შიგნეულობისა და ხორცისგან. აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლსა და კახეთში საშობაო სუფრაზე ხშირად ნახავთ მოხარშული ღორის თავ-ფეხს, ღორის ხორცის მწვადებს და მუჟუჟს. ასევე ტრადიციულია მრგვლად მოხარშული დედალი ნივრიან-ნიგვზიანი საწებლით.

ყველა სუფრაზე შეხვდებით ჩურჩხელებს ან ჯანჯუხებს, თხილეულს და ჩირს. საშობაო-საახალწლო მენიუში შედის ასევე გოგრაში მოხარშული ტკბილი ფლავი.

 

რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

 

აღმოსავლეთ საქართველოს სოფლებში საშობაოდ ხშირად აცხობენ ქადებს, ზოგან ჩვეულებრივი პურის ცომით, ზოგან ნახევრად ფენოვანით. გულში კარაქში ან ერბოში მოხალულ შაქრიან ფქვილს უდებდნენ.

ფშავში და ხევსურეთში ხინკალს ამზადებენ, სვანეთში კლავენ ხბოს, ღორს, ამზადებენ კუბდარს, ფხლოვანს, ფეტვიან ხაჭაპურებს, ჭვიშტარს, გადაზელილ ყველს.

აჭარაში საშობაოდ ბაქლავას და აჩმას აცხობენ. ბარაქის მოსატანად ოთახის ყველა კუთხეში მარცვლეულს ყრიან და თან დაილოცებიან. მარცვლეული და განსაკუთრებით ხორბალი მთელ საქართველოში ითვლება ნაყოფიერებისა და ბარაქის სიმბოლოდ.

გურიაში შობისთვის საშობაო ღვეზელი ცხვება. ეს არის საფუვრიან ცომში გახვეული ყველი და მსხვილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი.

 

რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს



XIX საუკუნეში ქართულ სუფრაზე ევროპული კერძებიც დამკვიდრდა. აცხობდნენ ქიშმიშიან და კონიაკიან კექსებს, მოგვიანებით ნაირ-ნაირ ნამცხვრებსა და კრემიან ტორტებს. რუსული სამზარეულოდან შემოვიდა ხიზილალა, სათალი, "ხალადეცი" პირშუშხასა და მდოგვის საწებლები, რომლებიც ტრადიციულ მოხარშულ ღორის ხორცს ძალიან კარგად შეეწყო. თბილისში მცხოვრებმა გერმანელებმა შემოიტანეს საშობაო ნიგვზიანი რულეტისა და მიხაკ-დარიჩინიანი თაფლაკვერების მომზადების კულტურა. ქართველმა დიასახლისებმა სხვა თვალით შეხედეს სუფრის გაფორმებას. ძირითადად ეს შეეხო ქალაქში მცხოვრებთ.

 

სადღესასწაულოდ მაგიდას აფარებდნენ გახამებულ თეთრ ტილოს სუფრას. ყველაზე მიღებული იყო თეთრი ფერის ფაიფურის ჭურჭელი. ევროპული გავლენით თბილისურ ოჯახებში დიასახლისებმა დაიწყეს საშობაო სასმელის მომზადება, რომლის თადარიგსაც მაისიდან იწყებენ და საშობაოდ მიირთმევენ. იგი წარმოადგენს სეზონის მიხედვით შაქრის, კენკრისა და ხილის დასპირტულ ნაყენს. ძირითადად მის შემადგენლობაში შედის მარწვი, ჟოლო, მოცხარი, მაყვალი, ატამი, გარგარი და სხვა. კენკრის სასმელს არ ურევენ ციტრუსს. ციტრურისგან ცალკე ყენდება საშობაო ლიქიორი. პირველი უფრო მუქი ფერისაა, ხოლო მეორე - ღია ფერის. ციტრუსის ნაყენის შემთხვევაში არ შეიძლება მუქი ფერის ხილის დამატება, რადგან ციტრუსის არომატულ თაიგულს ცვლის და ამასთან აფუჭებს მის ფერს.