ხელს უშლის ნახშირწყლების ცხიმებად გარდაქმნას... - ყველაფერი, რაც კიტრის შესახებ უნდა იცოდეთ - Gemrielia.ge

ხელს უშლის ნახშირწყლების ცხიმებად გარდაქმნას... - ყველაფერი, რაც კიტრის შესახებ უნდა იცოდეთ

კიტრი გოგრისებრთა ოჯახის ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. იგი სითბოს, ტენისა და სინათლის მოყვარულია. მის სამშობლოდ აღმოსავლეთ ინდოეთი ითვლება. ჰიმალაის მთების ძირში ახლაც ხარობს მისი ველური სახეობა. კოლონიზატორები მას ინდურ ლიანასაც უწოდებდნენ. ამ მცენარეს მოიხმარდნენ ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები, ბერძნები. პლინიუსის ცნობით, საბერძნეთში არათუ იცნობდნენ ამ პროდუქტს, არამედ, მისი მოყვანის მთელი ტექნოლოგია ჰქონდათ დანერგილი. თესლს რძეში ალბობდნენ და გარკვეული წესით თესავდნენ. კიტრი მოჰყავდათ ძველ რომში და სწორედ იქიდან გავრცელდა დასავლეთ ევროპაში.

აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი ასკვნის, რომ კიტრი XII საუკუნეში უკვე დამკვიდრებული ტერმინი იყო. იგი პირველად „სააქიმო წიგნის“ ხოჯა ყოფილის თარგმანში გვხვდება, წამლადაა დასახელებული კიტრის გული. სულხან-საბა ორბელიანს თავის ლექსიკონში კიტრი მიტრის სახელით აქვს მოხსენიებული, იგი გრძელი კიტრის განმსაზღვრელი სახელი ყოფილა. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, აქ სხვადასხვა სახეობის კიტრი მოჰყავდათ. თუ სიტყვის ეტიმოლოგიას ჩავყვებით, აღმოვაჩენთ, რომ მეგრელები მას კინტრის სახელით მოიხსენიებენ, ხოლო ჭანურ ენაში დამკვიდრებული „ხიტიპი“ და „ხიტირი“ ძალიან ჰგავს ქართულ დასახელებას. ძველ საქართველოში კიტრის მთავარი ღირებულება გამაგრილებელი თვისება იყო. ძველი რომაელების მსგავსად, კიტრი მათაც ძნელად მოსანელებელ პროდუქტად მიაჩნდათ.

kitri1-1652944124.jpg

ასევე დაგაინტერესებთ: თუ წელს კიტრის დათესვას აპირებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს რჩევები

შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები

კიტრის შემადგენლობის 95% წყალია. იგი შეიცავს C, B1, B2 და F ვიტამინებს, ფოსფორს, მაგნიუმს, კალიუმს, კალციუმსა და რკინას. იგი შეიცავს აგრეთვე ფერმენტებს, რისი დამსახურებითაც ორგანიზმი ადვილად ითვისებს მძიმე ცხოველურ ცილებს. იგი ორგანიზმისთვის იოდის მიღების კარგი საშუალებაა. როგორც დაბალკალორიული პროდუქტი, იგი ხშირად შეგვხვდება სპეციალურ დიეტებში. კიტრი, მასში შემავალი ტარტარის მჟავის წყალობით, ხელს უშლის ნახშირწყლების ცხიმებად გარდაქმნას. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მათ, ვისაც კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ან გასტრიტი აქვს, თავი უნდა შეიკავოს კიტრის მიღებისაგან.

კიტრის ჯიშები

კიტრის სამი ძირითადი ჯგუფია: საშუალო, საშუალო-საადრეო და გვიანი. თითოეულ ჯგუფში სხვადასხვა ჯიშის კიტრი ერთიანდება. რაც შეეხება ჯიშებს, საქართველოში ყველაზე გავრცელებულია მუხრანული, გილანური, შუშა კიტრი, ახალციხური „ლანგრა კიტრი“ და სხვა.

kitrisjishebi-1652944186.jpg

გამოყენება კულინარიაში

კიტრს ძირითადად ნედლად გამოიყენებენ სალათებში. ამზადებენ მწნილს, მარინადს. იყენებენ სხვადასხვა სოუსის მომზადებისას. უმატებენ ცივ წვნიანებს. აღმოსავლურ სამზარეულოში კიტრს წვავენ კიდეც. იგი გემოთი შემწვარ ყაბაყს მოგვაგონებს, ოღონდ, მსუბუქი სიმჟავის თანხლებით.

როგორ ავარჩიოთ? ახალი კიტრი არის მკვრივი, ხასხასა ფერის. კარგად უნდა დავაკვირდეთ, რომ ყუნწი არ იყოს გამხმარი, იყოს ნედლი და მწვანე. კიტრის კანი უნდა იყოს პრიალა და ნაყოფი - ხრაშუნა.