კამა თუ ცერეცო? - როგორ გავარჩიოთ ეს ორი მცენარე ერთმანეთისგან
სოციალურ ქსელში პერიოდულად ხდება აქტუალური კამისა და ცერეცოს საკითხი. თითქმის ყველამ იცის, რომ ცერეცოსა და კამას აღმოსავლეთში ვერ/არ არჩევენ და ორივე მცენარეს კამის სახელით მოიხსენიებენ. ზოგიერთს ვერც კი დააჯერებთ, რომ ცერეცო სხვა მცენარეა და ნამდვილად არსებობს.
ამ სტატიაში ვეცდებით გითხრათ, რა განსხვავებაა ამ ორ მცენარეს შორის და, რაც მთავარია, როგორ უნდა გავარჩიოთ ისინი ერთმანეთისგან.
კამა, ისევე როგორც მცენარეების უმეტესობა, არა მხოლოდ კულინარიაში, არამედ ხალხურ მედიცინაშიც აქტიურად გამოიყენებოდა და გამოიყენება დღემდე. იგი ერთწლოვანი მცენარეა, დაახლოებით 100-150 სმ სიმაღლის. შეიცავს A, B, C და სხვა ჯგუფის ვიტამინებს. ფოთლებსა და ყლორტებს იყენებენ კერძებში, შეუცვლელი ინგრედიენტია მწნილებისთვის. ხალხურ მედიცინაში ფხვნილისა და ნაყენის სახით გამოიყენება, როგორც ამოსახველებელი, ასევე შარდმდენი საშუალება. სხვათა შორის, კამის ნახარში ლაქტაციის გასაძლიერებლადაც იხმარება, ასევე შეუძლია საჭმლის მონელების გაუმჯობესება. არის ერთგვარი დამამშვიდებელი საშუალებაც.
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ შევინახოთ კამა მაცივარში ისე, რომ ახალივით იყოს - პატარა ხრიკი დიასახლისებისთვის
ცერეცო კამაზე უფრო დიდი ზომისაა, განსხვავებულია მისი სურნელიც და ორგანიზმზე მოქმედების უნარიც. სხვათა შორის, ცერეცოს უფრო მეტი მოვლა სჭირდება, კარგად რომ ამოვიდეს და გაიხაროს, ვიდრე კამას. ცერეცოს სქელი ძირი აქვს და რამდენიმე წელი იზრდება, კამა კი, როგორც ზევით აღვნიშნეთ, ერთწლიანი მცენარეა.
რომ შევაჯამოთ, კამასა და ცერეცოს ვარჩევთ შემდეგნაირად:
- კამა უფრო უხეშია, ცერეცო - შედარებით ნაზი;
- კამა შედარებით მუქი ფერისაა, ცერეცო - ღია;
- კამა სამკურნალო საშუალებად გამოიყენო, ცერეცო - ნაკლებად;
- კამას ინტენსიური, მძიმე სუნი აქვს, ცერეცოს - არა;
- კამა მომწარო გემოს ტოვებს, ცერეცო - შედარებით მოტკბოს;
- და ბოლოს, ყველაზე მთავარი - ახალ კარტოფილს თავზე ვაყრით ცერეცოს და არა კამას.
თქვენ თუ იცით კიდევ რამე მეთოდი ამ ორი მცენარის გასარჩევად, დაგვიტოვეთ კომენტარებში.