უყველო ხაჭაპურის 5 ვარიაცია - ანუ რით ჩავანაცვლოთ ხაჭაპურში ყველი
ერთი შეხედვით, წარმოუდგენელია, არა? თუმცა, თუ 90-იანები გამოგივლიათ, როცა სიგუას ნამცხვარი სიგუასნამცხვრობდა, არც უყველო ხაჭაპურის არსებობას გაიოცებთ.გაგიზიარებთ რამდენიმე პროდუქტს, რომლებითაც შეგიძლიათ ხაჭაპურში ყველი ჩაანაცვლოთ.
1. მარილიანი მაკარონი
კლასიკაა! არ მითხრათ, რომ არ გაგიგიათ, ვერ დავიჯერებ. ბევრ საცხობში შეხვდებით მაკარონიან ხაჭაპურს, რაც თავისთავად განაპირობებს დაბალ ფასს ნამდვილ ხაჭაპურთან შედარებით. მთელი მისი „საიდუმლო“ ისაა, რომ ცომში ყველის ნაცვლად მარილწყალში მოხარშულ (უფრო მეტად - გადახარშულ) მაკარონს იყენებენ.
2. ხაჭო
ალბათ ერთხელ მაინც გიფიქრიათ, რატომ ჰქვია ხაჭაპურს ხაჭაპური, თუკი მას ყველს ვურთავთ, ანდაც ხაჭოს რატომ არ ვურთავთ ყველის ნაცვლად. ხაჭოს მარილი დაუმატეთ და ისე ჩადეთ ცომში, მშვენიერი გამოვა.
3. ხაჭო + კარტოფილი
კიდევ ერთი ვარიაციაა ხაჭოსთვის მოხარშული კარტოფილის დამატებაა. არც ამ შემთხვევაში დაგავიწყდეთ მარილის დამატება.
4. ნადუღი + პიტნა
ყველი შეგიძლიათ ნადუღითაც ჩაანაცვლოთ, ხოლო პიტნასაც თუ დაუმატებთ, ისეთ გემრიელ გულსართიანს მიიღებთ, რომ შეიძლება ხაჭაპურიც კი გადაგავიწყდეთ. ასევე ძალიან უხდება ტარხუნა.
5. კარაქი + მარილი
ეს ვარიაციაა ხაჭაპურს ყველაზე ნაკლებად ჰგავს, თუმცა ისეთი გემრიელია, რომ ცდად ნამდვილად ღირს. ცომი გააბრტყელეთ, კარაქი წაუსვით, მოაყარეთ მარილი და გადაახვიეთ, დაჭერით გუნდებად, ისევ გააბრტყელეთ და გამოაცხვეთ. რაჭაში ასე გაკეთებულს შეკეცილს ეძახიან.
რომელი ვარიაცია მოგეწონათ ყველაზე მეტად?