როგორ ავარჩიოთ და შევინახოთ შვრია, რომ არ გაფუჭდეს - წაიკითხეთ საჭირო რჩევები - Gemrielia.ge

როგორ ავარჩიოთ და შევინახოთ შვრია, რომ არ გაფუჭდეს - წაიკითხეთ საჭირო რჩევები

შვრია მარცვლოვანი კულტურაა, რომლის კულტივირებაც კაცობრიობამ 3000 წლის წინ დაიწყო. ძველი რომაელების რწმენით, შვრია დაზიანებულ ხორბალს წარმოადგენდა და მხოლოდ ცხენის საკვებად თუ გამოდგებოდა. ამ სასარგებლო მარცვლეულის კვებით ღირებულებას მრავალი წლის შემდეგ მოეფინა ნათელი. საქართველოში ამ მცენარის ორი სახეობაა გავრცელებული: ჩვეულებრივი და ბიზანტიური შვრია. ეს მნიშვნელოვანი მარცვლოვანი კულტურა კარგი საფურაჟე მასალა - ჩალა და ბზე საქონლისთვის გამორჩეულ საკვებად ითვლება.

shvria-1667893266.jpg

სასარგებლო თვისებები

სხვადასხვა ვიტამინთან ერთად, შვრიის შემადგენლობაში შედის ავენანთრამიდები - სპეციფიკური ანტიოქსიდანტები, რომლებიც უჯრედთა მემბრანებს დაზიანებისგან იცავენ. მათი მოქმედება განსაზღვრავს იმუნიტეტის გაძლიერებას, არტერიული წნევის სტაბილიზაციას და აგრეთვე გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. შვრიის შემადგენლობაში შედის ბეტაგლუკანი, რაც სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს აქვეითებს. ფოსფორის მაღალი შემცველობის გამო, სასარგებლოა ძვლოვანი სისტემისთვის. ლორწოვანი სტრუქტურის წყალობით, შვრიის ფაფა კუჭის წყლულოვანი დაავადებებისთვის საუკეთესოა. მის შემადგენლობაში შედის ვიტამინები E, PP, აგრეთვე კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, პროტეინები და ა. შ.

shvria.jpg

გამოყენება

შვრიას უმთავრესად მარცვლისა და ნამჯის მიღებისთვის აწარმოებენ. მარცვლეულისგან ყველაზე პოპულარული შვრიის ფანტელია. ეს პროდუქტი თითქმის შეუცვლელ ინგრედიენტად იქცა დიეტურ კვებაში, როგორც ბავშვებში, ასევე სრულწლოვანებისთვის. შვრიის ფაფა ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო საუზმედ ითვლება. მას ამზადებენ როგორც რძეზე, აგრეთვე წყალზე, უმატებენ კარაქს, გემოვნებით - სიტკბოს, სხვადასხვა ხილსა და კენკრას. ასევე მზადდება ყველიანი ფაფაც, რომელსაც არ სჭირდება შაქარი და რძე. შვრიის ფანტელით ან ფქვილით გემრიელი ხრაშუნა ნამცხვრები ცხვება; ემატება ქრამბლის ფხვიერ მასასაც. შვრიის ფანტელისგან კეთდება გრანოლა - მოიხალება ფანტელი, ემატება თხილეული, ჩირები და ცივი ან ცხელი რძის დამატებით იჭმება. გრანოლაზე თაფლისა და სხვა ინგრედიენტების დამატებით ენერგო-ბარები კეთდება, რაც სასარგებლო და ყუათიანი საუზმეა.

shvriisrdze.jpg

ასევე დაგაინტერესებთ: იდეალურია მარხვისა თუ ლაქტოზის აუტანლობის დროს - როგორ მოვამზადოთ შვრიის რძე

ხშირად შეიძლება შევხვდეთ შვრიის ფანტელს, რომელსაც ხარშვა არ სჭირდება, მას მხოლოდ მდუღარე წყალი უნდა დაასხა და გააჩერო. ზოგჯერ ფაფას მითითებული აქვს წყლის დოზა, აგრეთვე შეიცავს სხვადასხვა დანამატსა და არომატიზატორს. ჩვენი რჩევა იქნება, თუ ჯანსაღი კვებისთვის გჭირდებათ, უპირატესობა სწორედ პირველი კატეგორიის შვრიის ფანტელს მიანიჭოთ, რადგან ზემოხსენებული პროდუქტი ბევრად აღემატება დანარჩენს სასარგებლო თვისებებითა და ხარისხით. მართალია, მის მომზადებას დრო ცოტა მეტი დასჭირდება (სულ 15 წუთი!), მაგრამ ამად ღირს.

shvriis-fafa-1656405809.jpg

როგორ ავარჩიოთ და შევინახოთ?

დამუშავების ტექნოლოგიის მიხედვით, შვრიის ფანტელის სამ ტიპს განასხვავებენ:

N1 სრული მარცვლისგან მზადდება, უფრო მსხვილი ფირფიტები აქვს და ყველაზე დიდი დრო უნდა მოსახარშად, თუმცა ყველაზე სასარგებლოდ ითვლება.

N2 და N3 ტიპის შვრიის ფანტელი უფრო თხელი და პატარა ზომის ფანტელებისგან შედგება, სწრაფად იხარშება, თუმცა უფრო დაბალ ხარისხად ითვლება.

შვრიის ფანტელი მშრალსა და გრილ ადგილას უნდა ინახებოდეს, დახურულ ჭურჭელში 3-6 თვის განმავლობაში.