ტყემლის ხელისგულზე დასხმა და ალოკვა... - ჩვენი ნება რომ იყოს, კიდევ რას მივანიჭებდით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ აზნაურაშვილის განცხადებით, მცხეთურ ღვეზელს და აპოხტის ხინკალს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ამ სიახლემ სოციალური ქსელის მომხმარებლებს ფანტაზია გაუხსნა და მთელი დღის განმავლობაში გაჩნდა უამრავი იდეა, თუ კიდევ რას შეიძლება მიენიჭოს არამატერიალური ძეგლის სტატუსი. გიზიარებთ რამდენიმე მათგანს:
- ტყემლის ხელისგულზე დასხმა და ალოკვა - დათო გორგილაძე
- ფელამუშს რომ გააკეთებ და ქვაბის ძირს ამოფხეკ კოვზით - ლილე შარაძე.
- ღომი რომ მიახმება ქვაბს და აკრატუნებ - ბესო ბახტაძე.
- კიტრის და პამიდვრის სალათის წვენის ხვრეპა - ნინი ჩხაიძე.
- შამფურის მწვადის თონის პურით ჩამოცლა - ალექსანდრე ლორთქიფანიძე.
- დაბნეული მარილის ბეჭსუკან გადაყრა - დათო ლაბაძე.
- „პრასი არ გინდა, გვაქვს-თქვა“ ფრაზით იმერულ სუფრაზე მიმტანისთვის შეხუმრება - ილია რევია.
- შოთის პურზე ყუის მოტეხვა სახლის ატანამდე - გიორგი ბალახაშვილი.
- გადაცდენისას მაღლა ახედვა და ნათლიის ჩამოგდებული კაკლის ლოდინი - იკა ჯავახიშვილი.
- დანამული მწვანილის მაგიდაზე გადარტყმა - გიორგი მენთეშაშვილი.
- ჩურჩხელას რომ ამოავლებენ და ლანგარზე ჩამოწვეთილს რომ დასდევ ხან კოვზით, ხანაც თითით, რომ წვეთი არ დაიკარგოს - ელენე ჭეჟია.
- დანალევი და ჭიქებში დატოვებული ღვინის ბოცაში ჩაბრუნება - ნინო ვალიკოვი.
- კრემის ათქვეფის მერე მიქსერის ჩხირების გალოკვა - ელენე ასათიანი.
- 4 იანვარს 31 დეკემბრის ხაჭაპურის ტაფაზე შეფიცხება - სუხო ავალიანი...
თქვენ რას დაამატებდით?