როგორ ვიკვებოთ კარანტინში და შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები - Gemrielia.ge

როგორ ვიკვებოთ კარანტინში და შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები

დატვირთული და მოძრავი ცხოვრების წესის შემდეგ მჯდომარე ცხოვრების წესზე გადასვლა არც ისე მარტივია. როდესაც ფიზიკური აქტივობა იკლებს, ორმაგად მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ სწორ კვებას, მივიღოთ საჭირო ვიტამინები, რათა კარანტინში ჯანმრთელობა და იმუნიტეტი შევინარჩუნოთ.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვთავაზობს რეკომენდაციებს, რომლებიც კარანტინში საკვების მიღებისას უნდა გავითვალისწინოთ.

 

1.    შეადგინეთ საყიდლების სია

 

სიაში ჩაწერეთ მხოლოდ ის პროდუქტები, რომლებიც გჭირდებათ. ევროპის რეგიონში არამიზნობრივი და ზედმეტი შესყიდვების განსაკუთრებით ბევრი ფაქტი დაფიქსირდა. პანიკის საფუძველზე საჭიროზე მეტი პროდუქტის შეძენამ შეიძლება გამოიწვიოს საკვებზე ფასის ზრდა, საკვების ზედმეტი მოხმარება და პროდუქციის არათანაბარი განაწილება. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც საკვები პროდუქტებით სავსე ნაგვის ურნა ჩანს.

 

ამრიგად, მნიშვნელოვანია ჩვენი საჭიროებების მიხედვით შევარჩიოთ პროდუქტები. ამით პოტენციურ გაფუჭებულ საკვებსაც ავირიდებთ თავიდან და არც სხვებს დავტოვებთ საჭირო პროდუქტების გარეშე.

 

2.    შეარჩიეთ პრიორიტეტული პროდუქტები

 

მაღაზიიდან დაბრუნების შემდეგ უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ პროდუქტებს, რომლებსაც უფრო მოკლე ვადა აქვს, მაგალითად პირველ დღეებში მიირთვით რძის პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული, მწვანილები და სხვა მალფუჭებადი პროდუქტები.
პროდუქტები, რომელთა გაყინვაც შესაძლებელია, უფრო დიდი დროის განმავლობაში შეიძლება გამოიყენოთ.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 10 ხილი და ბოსტნეული, რომელიც დიდხანს ძლებს და შეგვიძლია მოვიმარაგოთ

 

3.    უპირატესობა მიანიჭეთ სახლის კერძებს

 

ცხოვრების დატვირთული რეჟიმის გამო ადამიანთა ნაწილს სახლში კერძების მომზადებისთვის იშვიათად აქვს დრო. ეცადეთ, კარანტინის პერიოდი ბალანსირებული კვებისთვის გამოიყენოთ, რათა თანაბრად მიიღოთ ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები.

 

4.    ისარგებლეთ სახლში მიტანის სერვისით

 

თუკი თქვენს სახლთან ახლოს მაღაზია არ არის ან ისე მოხდა, რომ კერძის მომზადებას ვერ ახერხებთ, სახლში მიტანის სერვისით ისარგებლეთ. უპირატესობა მიანიჭეთ უკონტაქტო მიტანის სერვისს.

 

5.    მოერიდეთ დიდ ულუფებს

 

საკვების გადაჭარბებით მიღება არაერთ პრობლემას ქმნის. მოერიდეთ დიდ ულუფებს. გაითვალისწინეთ ასაკი (ბავშვს უფრო მცირე ულუფა სჭირდება, ვიდრე ზრდასრულს) და ჯანმრთელობის მდგომარეობა.

 

 

6.    დაიცავით უსაფრთხოების წესები

 

საკვების მიღებისას მაქსიმალურად დაიცავით უსაფრთხოების წესები. წესებს მიჰყევით საკვების მომზადების დროსაც:

•    საკვების მომზადების დროს აუცილებლად დაიბანეთ ხელები;

•    გამოყენების წინ კარგად გარეცხეთ პროდუქტები;

•    დაიცავით ტემპერატურის წესები (მიჰყევით საკვების შეფუთვაზე მოცემულ მითითებებს);

•    გამოიყენეთ სუფთა წყალი და ნედლეული.

 

7.    შეზღუდეთ მარილის მიღება

 

ახალი საკვების ხელმისაწვდომობა ნებისმიერ დროს შეიძლება შემცირდეს. კარანტინის გამოცხადების პირველ კვირებში ბევრმა ადამიანმა მოიმარაგა დაკონსერვებული საკვები, რომლებშიც მარილის შემცველობა მაღალი. 

 

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ მივხვდეთ, რომ კონსერვი გაფუჭებულია და როგორ დავიცვათ უსაფრთხოების წესები სახლის პირობებში

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, დღეში 5 გრამზე ნაკლები მარილი უნდა მივიღოთ. ამასთანავე, არ დაგავიწყდეთ, რომ სახლში დამზადებული მწნილებიც საკმაო რაოდენობის მარილს შეიცავს. შედეგად, ჩვენივე ჯანმრთელობისთვის უმჯობესია მარილის დღიური დოზა შევამციროთ.

 

 

8.    შეზღუდეთ შაქრის მიღება

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ზრდასრულებისთვის შაქრის დღიური დოზა, დაახლოებით, 6 ჩაის კოვზით განისაზღვრება. თუკი ორგანიზმს ტკბილის მოთხოვნილება აქვს, უპირატესობა მიანიჭეთ ახალ ხილს. ასევე, მიზანშეწონილია ჩირეულის მიღება. მოერიდეთ გაზიან სასმელებს, რომლებშიც შაქრის შემცველობა განსაკუთრებით მაღალია.

 

9.    შეზღუდეთ ცხიმიანი საკვების მიღება

 

ეცადეთ ეფექტურად ჩაანაცვლოთ ცხიმში შემწვარი პროდუქტები ჯანსაღი საკვებით, მაგალითად, შეწვის ნაცვლად მოხარშეთ ან გამოაცხვეთ. თუკი ზეთის გამოყენებაზე სრულად ვერ იტყვით უარს, გამოიყენეთ ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი. უპირატესობა მიანიჭეთ საკვებს, რომელიც უჯერი ცხიმების ჯანსაღ წყაროს წარმოადგენს, მაგალითად თევზი და ნიგოზი.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: არომატული სკუმბრია დაფნის ფოთოლში

 

10.    მიიღეთ საჭირო რაოდენობის წყალი

 

სუფთა წყალი ყველაზე ჯანსაღი და სასარგებლო სასმელია, რისი მიღებაც კარანტინის დროს შეგიძლიათ. გაზიანი და ალკოჰოლური სასმელები ჩაანაცვლეთ სასმელი წყლით. გემოს გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ დაუმატოთ ცოცხალი ხილი (განსაკუთრებით, კენკრა და ციტრუსი), კიტრი, ლავანდა, როზმარინი. 

 

მოერიდეთ დიდი ოდენობით ძლიერი ყავისა და ჩაის, ასევე, ენერგეტიკული სასმელების მიღებას, რადგან მათ გაუწყლოვანება და ძილის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს.

 

მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელების მიღებას ან მაქსიმალურად შეამცირეთ დოზები. დიდი ოდენობით ალკოჰოლის მიღება მნიშვნელოვნად ასუსტებს იმუნურ სისტემას და ხელს უშლის ორგანიზმის შესაძლებლობებს გაუმკლავდეს ინფექციურ დაავადებებს, მათ შორის, კოვიდ-19-ს.

 

არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ალკოჰოლი, როგორც კოვიდ-19-ის პრევენციული ან სამკურნალო საშუალება.