„15 კგ დავიკელი ისე, რომ გემრიელ საჭმელზე უარი არ მითქვამს“ - ოლივია შარაშენიძე თავის გამოცდილებასა და იდეალური წონის შენარჩუნების საიდუმლოს გვიზიარებს
ჭარბ წონასთან ბრძოლა სახლში ყოფნისას განსაკუთრებულად რთულია. ბევრი დიეტა არსებობს, მაგრამ მათი უმრავლესობის მთავარი ნაკლი ისაა, რომ მოკლევადიან შედეგებზეა ორიენტირებული და დაკლებიდან მალევე გვიბრუნდება წონა. იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რა ტანჯვა-წამებად გვიჯდება მკაცრი დიეტების დაცვა და გემრიელ კერძებზე უარის თქმა!
დღეს გაგაცნობთ ბლოგერს, რომელმაც სხვების გამოცდილებითა და საკუთარი უგემრიელესი რეცეპტებით 15 კგ-ს დაკლება და იდეალური წონის შენარჩუნება შეძლო, ახლა კი სოციალური ქსელების (ინსტაგრამისა და ფეისბუკის) საშუალებით სხვებსაც უზიარებს რჩევებს ჯანსაღი და ამავდროულად, გემრიელი კვების შესახებ.
ოლივია შარაშენიძე 18 წლის წინ თავის მეორე სამშობლოში, პოლონეთში გადავიდა საცხოვრებლად. ამჟამად საქმროსთან ერთად კვიპროსზე ცხოვრობს. არც დიეტოლოგია, არც ტრენერი, მაგრამ ფაქტია, მისი მიდგომა და რეცეპტები საოცრად ეფექტურია.
სანამ ჯანსაღ კვებაზე გადახვიდოდით, როგორ იკვებებოდით?
საოცარი გურმანი ვარ, ვგიჟდები გემრიელ საჭმელზე, მის კეთებაზე, ჩემი სტუმრების ბედნიერ და კმაყოფილ სახეებზე, როდესაც ჩემ მიერ მომზადებულ გემრიელ და, ლამაზად გაფორმებულ კერძს აგემოვნებენ.
ამ ყველაფერთან ერთად, სამწუხაროდ, სანამ გავიგებდი, რას ნიშნავს ჯანსაღი, ანუ ადამიანური კვება, ვერასოდეს ვაბალანსებდი ჩემს საკვებს, რადგან ყოველთვის გამორჩეულად მიყვარდა ცომეული და, რაც ალბათ ბევრისთვის ნაცნობია, ღამე ჭამა, შესაბამისად, მთელი ცხოვება, ვებრძოდი ზედმეტ კილოგრამებს.
დიეუტური აჭარული ხაჭაპური - რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს
რა საშუალებებით ცდილობდით წონის დაკლებას?
უამრავი დიეტა გამოვცადე, შედეგი კი ყოველთვის ერთნაირი იყო: ვიკლებდი და, როგორც კი ვაღწევდი, ასე თუ ისე, დამაკმაყოფილებელ შედეგს, მაშინვე ვუბრუნდებოდი გაუკონტროლებელ ჭამას, რის შედეგადაც მალევე ვიმატებდი; ხშირად მეტს, ვიდრე დიეტის დროს დავიკელი. ჯანსაღი კვების შესახებ ვიცოდი, მაგრამ სულ მეგონა, რომ ეს უდრიდა მორიგი დიეტის ტანჯვას, ანუ ყველაფრის მოკლებას, საყვარელ ჩვევებზე უარის თქმას და იმის ჭამას, რაც არ გვიყვარს.
ჯანსაღ კვებაზე გადასვლა როდის გადაწყვიტეთ?
2018 წლის ოქტომბერში საქმროსთან ერთად საცხოვრებლად კვიპროსზე გადავედი, სადაც 4 თვეში 8 კგ-ის მომატება მოვახერხე. თებერვალში ჩემმა საქმრომ გადამიღო სურათი, რომელსაც შევხედე და მივხვდი, რომ ჩემი წონა სრულიად გამექცა კონტროლიდან და სასწრაფოდ რამე უნდა მომემოქმედებინა (ეს ფოტოების დამუშავება და პოზიორობა ისე, რომ გამხდარი გამოჩნდე, საერთოდ გვიბინდავს რეალობას).
ქათმის ხორცის ბურგერი ქამა სოკოთი
რას ვაკეთებთ პირველად, როდესაც ჯანსაღ კვებას ვიწყებთ?
პირველ რიგში, გადავწყვიტე გამომერიცხა დიეტიდან თეთრი ფქვილი და თეთრი, რაფინირებული შაქარი. თეთრი ჩვეულებრივი ხორბლის ფქვილი, რომელიც არ შეიცავს არანაირ სასარგებლო თვისებას, ჩავანაცვლე მთელმარცვლიანით, რომელიც, შეიცავს უამრავ ძვირფას ნივთიერებას და, სხვა მრავალ კარგ თვისებასთან ერთად, იგი ხელს უწყობს ნაწლავების სწორ მუშაობას, რაც კლების დროს ძალიან მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება შაქარს, ჩავანაცვლე მცენარეული პროდუქტებით: ერითრიტოლით (0კკალ), სტევიათი (0კკალ), ქსილიტოლით (ჯანსაღი, არყის ხის შაქარი, რომელიც შეიცავს 40%-ით ნაკლებ კალორიას შაქარზე), თაფლითა და ფინიკით.
ავოკადოს ნამცხვარი
ასევე, გამოვრიცხე ღამე ჭამა - ვახშამი არა უგვიანეს 4 სთ დაძინებამდე (ღამე არჭამაში მეხმარებოდა იმაზე ფიქრი, რომ ახლა თუ არ შევჭამ, დილით სასწორი ნაკლებს აჩვენებდა და უმეტესად ასეც იყო).
ამასთან ერთად გამახსენდა, რომ ადრე მეგობარმა მანახა აპლიკაცია, რომელშიც შეგყავს ყველაფერი, რასაც ჭამ (ზუსტად, გრამებში), ის კი გითვლის, რამდენი კალორია მიიღე დღეში. ასე გადავწყვიტე კალორიების დეფიციტით კვება მეცადა. ინტერნეტში ადვილად მოიპოვება ე.წ. "ბმრ ფორმულა", რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ მიახლოვებით გამოთვალოთ, თუ რამდენ კკალ-ს წვავს თქვენი ორგანიზმი დღეში. შეგყავთ ასაკი, წონა, სიმაღლე, ფიზიკური აქტივობა და, თუ გსურთ გახდომა, მიღებულ შედეგზე 20%-ით ნაკლები კალორია უნდა მიიღოთ დღეში. ვიყიდე სამზარეულოს სასწორი, გადმოვწერე აპლიკაცია და დავიწყე ჩემი კალორიების დეფიციტი.
როგორია ერთი დღის მენიუ ასეთი კვების დროს?
დილით აუცილებლად ვჭამდი საუზმეს - უმეტესად, მთელმარცვლიან, უსაფუარო და უშაქრო პურს, რაიმე დაბალკალორიული, ფრინველის ლორით და უამრავი ბოსტნეულით (სალათის ფურცლები, კიტრი, პომიდორი, ბოლოკი, მწვანილები და ა.შ.) - საუზმე დაახლ. 250-300 კკალ შეადგენდა და დიდი ხნით მანაყრებდა.
შემდეგ მივდიოდი მანქანით სამსახურში (ანუ თითქმის არ ვმოძრაობდი, ვარჯიშზე ხომ ზედმეტია საუბარი), თან მიმქონდა სადილი. უმეტესად ეს იყო ქათმის ფილეს სხვადასხვა ვარიაციები, ნახშირწყლების პატარა პორცია (პატარაში ვგულისხმობ დაახლ. 40-50გ ბრინჯს, მაკარონს ან კარტოფილს, მოხარშვამდე) და ის, რაც ყველაზე ძალიან მეხმარებოდა ასეთი პატარა პორციებით დანაყრებაში, ანუ სალათის უზარმაზარი კონა, რომელსაც ლიმონს, ძმარს და ქინძს ვუმატებდი ხოლმე. ცხიმს ვიღებდი მხოლოდ ჯანსაღი ზეთების, თხილის ან ავოკადოს სახით. ყველაფერი, რა თქმა უნდა, ზომიერად, რადგან ყველა ჩამოთვლილი პროდუქტი ძალიან კალორიულია, თუმცა ჯანსაღი. კლების დროს ვითვლიდი კალორიებს, ახლა - აღარ.
თან მიმქონდა ასევე 2 წასახემსებელი, მაგალითად ხილი, იოგურტი (უშაქრო!), ან შვრიის ორცხობილა, რომლებსაც საუზმესა და სადილს, ასევე, სადილსა და ვახშამს შორის მივირთმევდი. საღამოს სახლში ვჭამდი მსუბუქ ვახშამს, მაგალითად სალათს.
დიეტური პიცა
შიმშილის გრძნობას როგორ თრგუნავთ?
საკვების რეგულარულად მიღება იმის გარანტია, რომ შიმშილის შემოტევები არ გექნებათ. 3 ძირითადი ჭამა + 2 წახემსება, რომელიც ზემოთ ვახსენე, ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვისაც არა მარტო კილოგრამების დაკარგვა სურს, არამედ ჯანსაღი ცხოვრებაც. ასეთი შიმშილის შეტევის დროს, ჩვენი ტვინი „ითიშება“, გვავიწყდება დიეტაც, ჯანსაღი კვებაც და საერთოდ ყველაფერი. ვეძალებით იმას, რაც ხელში მოგვხვდება, მერე კი ვნანობთ, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე.
წყალს რა ადგილი უჭირავს ჯანსაღი კვების დროს? ბევრი ამბობს, რომ არ აქვს წყლის მოთხოვნილება და დღე შეიძლება ისე გავიდეს, რომ მხოლოდ 1 ჭიქა დალიოს.
მთელი დღის განმავლობაში ვსვამდი და ვსვამ ძალიან ბევრ წყალს, რომელიც:
• ამცირებს შიმშილის გრძნობას
• ამცირებს კერძების ზომას
• კლავს წყურვილს კალორიების გარეშე
• კარგი გავლენა აქვს მეტაბოლურ პროცესებზე
• ასუფთავებს სხეულს ტოქსინებისგან
• მდიდარი მინერალების წყაროა
თავიდან მეც ძალიან მიჭირდა დღეში 2 ლიტრის დალევა და ძალიან ვწვალობდი. ბოლოს აღმოვაჩინე, რომ წყლის ხილით გახალისება შეიძლებოდა და ასე, ყოველდღე დილით, ვიმზადებდი დიდ ჭიქას, რომელშიც ვათავსებდი სასურველ ხილს, პიტნას, კოჭას და მთელი დღის მანძილზე, რამდენჯერმე ვავსებდი წყლით.
კიდევ ერთი ძალიან კარგი რჩევა იმათთვის, ვინც ვერ სვამს საკმარის წყალს: გამოიყენეთ საწრუპი (რა თქმა უნდა, მრავალჯერადი და არა პლასტმასის, გავუფრთხილდეთ გარემოს) და ნახავთ, რამდენად მეტ წყალს დალევთ ისე, რომ ვერც კი შეამჩნევთ.
რამდენად ეფექტურია ამგვარი კვება და აქვს თუ არა გრძელვადიანი შედეგი?
ასეთი კვებით დაახლ. 3კგ-ს ვიკლებდი თვეში, რაც ძალიან ჯანსაღი ტემპია, როდესაც გვსურს გრძელვადიანი შედეგის მიღწევა. რამოდენიმე თვეში შევატყვე, რომ ასეთი საჭმელი აღარ არის ჩემთვის „ტანჯვა და სასჯელი“. ასევე მივხვდი, რომ არაჯანსაღი და მძიმე საჭმელი საერთოდ აღარ მიზიდავდა - უბრალოდ გამიქრა მისი ჭამის სურვილი. მივაღწიე სასურველ ეფექტს, რის შემდეგაც, სახლში მსუბუქი ვარჯიშებიც დავიწყე, სხეულის გასამკვრივებლად (ცხოვრებაში არასოდეს არ მივარჯიშია და ვერავინ ვერ დამარწმუნებდა, რომ ეს ოდესმე შეიცვლებოდა!)
დღეს უკვე, ვჭამ იმდენს, რამდენსაც მინდა, იმას რაც მიყვარს და ვარ ბედნიერი! შეიძლება ითქვას, რომ მივაღწიე იმას, რაზეც თურმე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი და ვერც კი ვხვდებოდი - შემიყვარდა ჯანსაღი კვება ისე, რომ არაჯანსაღზე ფიქრიც კი არ მინდა.
ლობიოს ბრაუნი - რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს
ამის შემდეგ გაგიჩნდათ ბლოგის შექმნის სურვილი?
დიახ. გადავწყვიტე ეს ბედნიერება სამყაროსთვის გამეზიარებინა და შევქმენი ჯანსაღი კვების ბლოგი, სადაც ვცდილობ დავეხმარო ყველას, ვინც იმ პრობლემის წინაშე დგას, რომელიც მეც მთელი ცხოვრება მაწუხებდა. ბლოგს, ჩემდამოულოდნელად, ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. უამრავი უცნობი ადამიანი მწერს და მთხოვს რჩევას, დახმარებას, მე კი ყოველი დილა მითენდება სიხარულით და იმაზე ფიქრით, რომ იქნებ დღესაც დავეხმარო, თუნდაც ერთ ადამიანს, მისი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში.
პ.ს. მალე გაგიზიარებთ ოლივიას რჩევებს ჯანსაღი კვების შესახებ და უგემრიელეს დიეტურ რეცეპტებს.