რას და როგორ ყინავენ ქართველი დიასახლისები ზამთრისთვის - ყველაფერი, რაც „ზამთრის მარაგზე“ უნდა იცოდეთ
ალბათ, იშვიათია ქართველი დიასახლისი, ზამთრის ნობათს რომ არ ამზადებდეს მთელი ოჯახისთვის. მურაბები, კონსერვები, საწებლები ტრადიციით მოგვდევს, რეცეპტები თაობიდან თაობას გადაეცემა, მაგრამ ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება ხილ-ბოსტნეულის გაყინვა და ზამთრისთვის ასე შენახვა.
როდესაც Gemrielia.ge-ის ჯგუფში პროდუქტების გაყინვის შესახებ ვიკითხეთ, აღმოჩნდა, რომ ამ მეთოდს ძალიან ბევრი დიასახლისი იყენებს და ალბათ, იშვიათია პროდუქტი, რომლის გაყინვაც არ შეიძლება და ვერიდებით.
ტატიანა კვეკვესკირი: „მე კენკრა, მწვანე ლობიო და ისპანახი გავყინე. ისპანახი ჯერ მოვწალე, შემდეგ გადავწურე და კონტეინერით შევინახე.“
ლალი გამცემლიძე: „ხილი კი გავყინე, მაგრამ გამოყენება უკვე დავიწყე და შეიძლება, ზამთრამდე არც მეყოს.“
მაია ცინარიძე: „ნიორი (დაქუცმაცემული), მარწყვი, ალუბალი, ყველი, ლობიო, ხაჭაპურის ცომი და პილმენი უკვე ჩემს საყინულეშია.“
ირმა კიკვაძე: „ყველაფერს ნახავთ ჩემს მაცივარში, რაც ღირებული და ცოტა იშვიათად მოსაპოვებელია ზამთარში. ბოსტნეულსა და მწვანილსაც კი - ტარხუნით დაწყებული ომბალოთი დამთავრებული.“
ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ის პროდუქტები, რომლებიც მოკრეფისთანავე დაუყოვნებლად იყინება მაქსიმალურ ტემპერატურაზე, ყველა ვიტამინსა და სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს. ამის მიუხედავად, არის რამდენიმე პროდუქტი, რომელთა გიყინვაც რეკომენდირებული არ არის.
დიასახლისთა ნაწილი გაყინვის მომხრე არ არის და ფიქრობს, რომ საუკეთესო არჩევანი სეზონური ხილისა და ბოსტნეულის მიღებაა.
ნათია ჭულუხაძე: „არაფერს არ ვყინავ, სეზონურად რა ხილი და ბოსტნეულიც არის, იმას ვიღებ მაქსიმალურად. ჩვენს ქვეყანაში ხილის პრობლემა არ არის, ატამი უამრავია, ახალ საზაფხულო ვაშლიც შემოვა, სექტემბერ-ოქტომბერში ყურძენი, შემდეგ - ციტრუსი.
როგორ გავყინოთ ხილი და ბოსტნეული ზამთრისთვის?
გაყინეთ მხოლოდ ის პროდუქტი, რომელსაც ზუსტად იცით, რომ გამოიყენებთ, რათა არ გადატვირთოთ საყინულე კამერა გამოუსადეგარი პროდუქტებით.
• პროდუქტი, რომლის გაყინვასაც ინებებთ, აუცილებელია, იყოს ახალი, საღი და ბოლომდე დამწიფებული.
• გაყინული პროდუქტის გალღობის შემდეგ მათი გარეცხვა არ არის რეკომენდებული, ამიტომ სანამ მათს გაყინვას დაიწყებთ, საფუძვლიანად გარეცხეთ და გააშრეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაყინული პროდუქტი შეეწებება ერთმანეთს და დაკარგავს ფორმას. ხილ-ბოსტნეულის გაშრობა შეგიძლიათ საწურზე დაწრეტით, სუფთა ტილოზე ან სამზარეულოს ქაღალდზე დაწყობით.
• ბოსტნეულის უმეტესობა გაყინვამდე ბლანშირებას (მცირე რაოდენობის წყალში მოთუშვა) საჭიროებს. ბლანშირების ხანგრძლივობის დრო ბოსტნეულის სახეობის მიხედვით იცვლება (დანაწევრებული ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო - 3 წუთი, სტაფილო - 3-5 წუთი, ისპანახი - 3 წუთი, დატეხილი მწვანე ლობიო - 3 წუთი, ყაბაყი - 30 წამი)
• გამღვალი პროდუქტი სწრაფადვე გამოიყენეთ. ნუ დატოვებთ მას 2 დღეზე მეტხანს, თუნდაც მაცივარში.
არ გამოგრჩეთ: კიდევ რა უნდა გავითვალისწინოთ ხილისა და ბოსტნეულის გაყინვის დროს?
ასევე, დაგაინტერესებთ:
როგორ გავყინოთ ატამი ზამთრისთვის ისე, რომ შევუნარჩუნოთ ყველა ვიტამინი?
როგორ გავყინოთ ბადრიჯანი ზამთრისთვის
როგორ შევინახოთ მწვანილი ზამთრისთვის
შემწვარი ბადრიჯანი და პომიდორი ზამთრისთვის. მოამზადეთ სწრაფად საყვარელი კერძით