რა არის გამაფხვიერებელი? - და კიდევ 9 შეკითხვა, რომლებიც ერთხელ მაინც ყველას გაგვჩენია - Gemrielia.ge

რა არის გამაფხვიერებელი? - და კიდევ 9 შეკითხვა, რომლებიც ერთხელ მაინც ყველას გაგვჩენია

აქ ნახავთ პასუხებს კითხვებზე, რომელსაც ყველაზე ხშირად სვამენ ჩვენი გვერდის მკითხველები.


რა არის გამაფხვიერებელი?

 

გამაფხვიერებელი სახამებლის, ლიმონმჟავასა და სოდის ნარევია, რომელიც თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდება. ცომში დამატებისას არ საჭიროებს გაზავებას ძმრით ან ლიმონის წვენით. სოდით ჩანაცვლებისას დოზა გაანახევრეთ. ინგლისურად ეწოდება baking powder. თუ მაღზიაში ვერ იპოვით ან ძალიან გეჩქარებათ, შეგიძლიათ გამაფხვიერებელი სახლის პირობებში თავად მოამზადოთ.


 

რა არის ნაღები?

 

ნაღები (რძის ნაღები) თხევადი სახით იყიდება მუყაოს კოლოფებში. აქვს სხვადასხვა პროცენტულობა. კრემისათვის გამოდგება 32% და მეტი ცხიმიანობით. დაბალცხიმიანი ნაღები განკუთვნილია სოუსების მოსამზადებლად და კერძებისთვის.


 

რა არის ბაზილიკი?

 

ბაზილიკი რეჰანის ერთ-ერთი სახეობაა მრავალთაგან. აქვს ძლიერი, მაგრამ ნაზი არომატი და პრიალა ფოთლები. ხშირად აიგივებენ შაშკვლავთან, რაც არასწორია, რადგან თავად შაშკვლავიც რეჰანის ქვესახეობაა. ბაზილიკთან შედარებით უფრო მძაფრი არომატი აქვს და გარეგნულადაც განსხვავდება.

 



ბაზილიკი


 

რა არის ორეგანო?

 

ორეგანოს ქართულად თავშავას უწოდებენ. ჩვენთან ძირითადად იმპორტირებული მშრალი სუნელის სახით იყიდება და სწორედ "ორეგანოს" სახელწოდებით უფრო გაგიიოლდებათ მისი პოვნა-შეძენა. ეს არომატული მცენარე ბევრ კერძს უხდება, თუმცა პიცა მის გარეშე ნამდვილად წარმოუდგენელია.


 

რა არის ჯანჯაფილი?

 

ჯანჯაფილი, იგივე კოჭა მცენარის ფესვია. აქვს ყვითელი გული და ციტრუსის მსგავსი არომატი. გამოიყენება კულინარიაშიც და სამკურნალოდაც. იყიდება როგორც ნედლი, ისე დაფქული სახით. აღსანიშნავია, რომ ჯანჯაფილს ბევრი წონის კლებისთვის იყენებს და საკმაოდ ეფექტურადაც.


 



 

რა არის კრემ-ყველი?

 

კრემ-ყველს ხშირად მდნარ ყველთან აიგივებენ, რაც არასწორია. კრემ-ყველი (cream cheese)  ნაღებისგან მომზადებული ნაზი, უმარილო, თეთრი ფერის მასაა, გამოიყენება დესერტებშიც და ბუტერბროდებშიც, ძირითადად თევზეულთან (ორაგული). სხვათა შორის, კრემ-ყველის მომზადება სახლის პირობებში საკმაოდ მარტივია.


 

რა არის ფილოს ცომი?

 

ეს ცომის სიფრიფანა ფურცლები გახლავთ, რომელიც ერთი შეხედვით პერგამენტის ქაღალდს წააგავს. პოპულარულია თურქულ (ზოგადად აღმოსავლურ) და ბერძნულ სამზარეულოში. ფილოს ფურცლებში ახვევენ როგორც მარილიან, ისე ტკბილ გულსართს, იყენებენ ბაქლავის გამოსაცხობად.


 

რა არის პაპრიკა?

 

პაპრიკას ტკბილ წითელ წიწაკას უწოდებენ, რომელიც დაფქული სახით გამოიყენება და განსაკუთრებით უნგრულ სამზარეულოშია პოპულარული. არსებობს შედარებით ცხარე და უფრო მოტკბო სახეობები, რასაც პაპრიკაში კაპსაიცინის არსებობა განსაზღვრავს. არსებობს ასევე შებოლილი პაპრიკა.


 



 

რა არის კურკუმა?

 

კურკუმა ინდურ კულინარიაში პოპულარული სანელებელია. გამოირჩევა მკვეთრი ყვითელი ფერით და უამრავი სასარგებლო თვისებით. ის გახლავთ სანელებელ კარის (curry) ძირითადი ინგრედიენტი სხვა რამდენიმე სანელებელთან ერთად. წაიკითხეთ უფრო დეტალურად კურკუმას შესახებ.


 

რა არის შესქელებული რძე?

 

ყველასთვის ნაცნობ ამ პროდუქტს - „სგუშონს“, „მალაკოს“ -  ქართულად ეწოდება შესქელებული რძე. არსებობს მისი მოხარშული სახეობაც. თუ მაღაზიაში ყიდულობთ ხოლმე, აუცილებლდ უნდა იცოდეთ, როგორ გავარჩიოთ ნამდვილი შესქელებული რძე მისი იაფასიანი ორეულისგან. ხოლო თუ სახლში მომზადებას გადაწყვეტთ, გეტყვით, როგორ მოამზადოთ სწრაფად და მარტივად.