აი, რა უნდა ჭამოთ, თუკი კორონავირუსს სახლში მკურნალობთ (+ რეცეპტები)
„წყალი წვენების ნაცვლად, კარაქი ჩანაცვლდეს ზეთით“ - ეს რეკომენდაცია ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჯერ კიდევ თვეების წინ მისცა იმ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც სახლში მკურნალობენ. მედიკამენტური მკურნალობის გარდა, გართულებების თავიდან ასაცილებლად და გამოსაჯანმრთელებლად, აუცილებელია სწორი საკვებისა და სითხის მიღება. ამიტომ გიზიარებთ რამდენიმე რჩევასა და რეცეპტს, რომლებიც არა მხოლოდ სახლში მკურნალობის პერიოდში გამოგადგებათ, არამედ ზოგადად, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
ანთების საწინააღმდეგო საკვები
ანთებითი პროცესებისგან თავის ასარიდებლად ჰარვარდის უნივერსიტეტი კოვიდპაციენტებს ურჩევს თავიანთ რაციონში ჩართონ ხახვი, კურკუმა, კენკრა და კომბოსტო.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მივიღოთ ომეგა 3-ის შემცველი საკვები, მაგალითად: ნიგოზი, ჩიას თესლი, ზეითუნის ზეთი, ცხიმიანი თევზი (ორაგული, სარდინი, სკუმბრია).
პრობიოტიკები
რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს
პრობიოტიკები „კეთილი“ ბაქტერიებია, რომლებიც ძლიერ და ჯანსაღი იმუნურ სისტემას ქმნიან. პრობიოტიკებით მდიდარი საკვებია: იოგურტი, კეფირი, მჟავე კომბოსტო და სხვ.
ვიტამინები (A, C და E)
ვირუსთან ეფექტურად საბრძოლველად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვიტამინების მიღება. ექიმები გვირჩევენ მივიღოთ A, C და E ვიტამინებით მდიდარი საკვები. ვიტამინი A ხელს უწყობს სასუნთქი სისტემის ჯანსაღ ფუნქციონიერებას, ანუ ორგანიზმის იმ ნაწილისას, რომელსაც კორონავირუსი ყველაზე მეტად აზარალებს. A ვიტამინით მდიდარი საკვებია: სტაფილო, ტკბილი კარტოფილი, ისპანახი, ბროკოლი და ბულგარული წიწაკა.
მშვენიერი არჩევანია ბროკოლის კრემსუპი, რომლის მოსამზადებლადაც დაგჭირდებათ:
• ბროკოლი - 3-4 მოზრდილი თავი
• ხახვი - 1/2 ცალი
• სტაფილო - 1/2 ცალი
• ფქვილი - 1.5 ს/კ
• ქათმის ბულიონი - 500 მლ
• ნაღები ან რძე - 100-150 მლ
• მარილი და წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს
ვიტამინი C ხელს უწყობს ანტისხეულების წარმოქმნას და დიდი ოდენობით გვხვდება ციტრუსებში, მარწყვსა და კივში.
ვიტამინი E ორგანიზმისთვის ანტიოქსიდანტის როლს ასრულებს და მაღალი კონცენტრაციითაა თხილში, თესლოვან მცენარეებსა და ავოკადოში.
სითხე, სითხე და სითხე
ჰიდრატაცია კორონავირუსის დროს უმნიშვნელოვანესია. ჩვენმა ერთგულმა მკითხველმა უკვე იცის 10 მარტივი ხერხი საკმარისი წყლის მისაღებად მაშინაც კი, როცა არ გვწყურია. სუფთა წყალი საუკეთესო არჩევანია, მაგრამ სითხე შეგიძლიათ ასევე მიიღოთ ისეთი საშუალებებისგან, როგორიცაა:
• თაფლიანი ჩაი;
• ბულიონი;
• ხილისა თუ ბოსტნეულის წვენი და სხვ.
თაფლიან ჩაის დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, გარდა ამისა, ხველის შემსუბუქებაც შეუძლია. გაითვალიწინეთ, რომ თაფლი ცხელ წყალში არ უნდა გახსნათ, თორემ სასარგებლო ნივთიერებების უმეტესობას დაკარგავს, უმჯობესია, თბილ წყალში თუ გახსნით.
ზაფხულის პერიოდში, როცა ბევრი ცოცხალი ხილია, შეგიძლიათ ნებისმიერი მათგანი ცოტა წყალთან ერთად დააბლენდეროთ და ისე მიირთვათ. გაგიზიარებთ სწრაფად მოსამზადებელი ატმის წვენის რეცეპტს. 1 ჭიქისთვის დაგჭირდებათ:
• 2 ცალი ატამი;
• წყალი;
• 1 ნაჭერი ლიმონი, ლაიმი ან ფორთოხალი;
• 1 სკ შაქარი (სურვილისამებრ).
ატამი დაჭერით, ცოტა წყალი დაასხით (იმის მიხედვით, რა კონსისტენციის წვენის მომზადებაც გსურთ), დააბლენდერეთ. გადაიტანეთ ჭიქაში, 1-2 ნაჭერი ციტრუსი დაუმატეთ და მიირთვით.
ჯანსაღი სასუსნავი
ტკბილი სასუსნავებისადმი მიდრეკილებაც ჩვენთვის სასარგებლო რამედ შეგვიძლია ვაქციოთ. მოამზადეთ გრანოლა - მართალია, საუზმესთან უფრო მეტად ასოცირდება, მაგრამ, თუ დაფიქრდებით, მშვენიერი სასუსნავია, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში მცირე ულუფებად შეგიძლიათ მიირთვათ.
ინგრედიენტები:
- შვრია - 500 გ
- ზეთი - 60 მლ
- თაფლი - 2 ს.კ (ან შაქარი)
- თხილეული - 1-1.5 ჭიქა
- ქიშმიში
- სეზამის მარცვლები - (აუცილებელი არ არის)
- ქოქოსის ფანტელი - 2 ს.კ
მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ აღვიდგინოთ ჯანმრთელობა და გავიძლიეროთ იმუნიტეტი კორონავირუსის გადატანის შემდეგ?