აჭრილი კრემი, გადახარშული ბრინჯი... როგორ გამოვასწოროთ ყველაზე ხშირი კულინარიული უბედურებები - რჩევები დამწყები დიასახლისებისთვის - Gemrielia.ge

აჭრილი კრემი, გადახარშული ბრინჯი... როგორ გამოვასწოროთ ყველაზე ხშირი კულინარიული უბედურებები - რჩევები დამწყები დიასახლისებისთვის

სამზარეულო არც ისეთი უწყინარი ადგილია, როგორიც ზოგიერთს წარმოუდგენია. აქ შეიძლება ქვაბიდან მთელი საჭმელი გადმოვიდეს და გაზქურა სულ გაგიფუჭოთ, ბისკვიტი ფორმიდან ისე გადმოვიდეს, რომ კარგა ხანს ვერ გაასუფთავოთ საცხობი ქურა. ანდაც თევზის შეწვის შემდეგ ისეთი სუნი დააყენოთ, რომ მეზობლებმა კორპუსიდან გაგასახლონ... მოკლედ, უამრავი პატარა დეტალია, რომლებიც, საბოლოოდ, დიდ პრობლემებს გვიჩენს. 

 

გაგიზიარებთ 7 დიდი უბედურებისგან თავის დაღწევის საშუალებებს, რომლებიც არა მხოლოდ დამწყებმა, არამედ გამოცდილმა დიასახლისებმაც კი შეიძლება არ იცოდნენ.

 

1.    ნამცხვარი ფორმაში გაიჭედა

 

 

თუ კექსი ან ბისკვიტი ფორმიდან ვერ გადმოგაქვთ, აი, რა უნდა გააკეთოთ: ოთახის ტემპერატურაზე კარგად გააცივეთ, შემდეგ მთლიანად კარგად შეფუთეთ სამზარეულოს ცელოფანში და 6 საათით გაყინეთ. ცელოფანი მოაშორეთ, ცხიმიანი დანა გვერდებზე შემოატარეთ, ჩანგლის დახმარებით ძირი გაუთავისუფლეთ, ფორმა თეფშისკენ დააქანეთ და ხელები მიახმარეთ. კექსი აუცილებლად გადმოვა ფორმიდან.

 

ისე კი, ნამცხვარი მარტივად გადმოვა, თუკი ფორმას ჯერ ცხიმს წაუსვამთ, შემდეგ ფქვილს მოაყრით და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაასხამთ ფორმაში ცომს.

 

2.    ბრინჯი ჩაიხარშა და ფაფად იქცა

 

 

თუკი არ იცით ბრიჯნის მოხარშვის 5 წესი, რათა არ დაიშალოს და ფაფად არ იქცეს, მაშინ მისი გამოსწორება მაინც უნდა შეგეძლოთ. ერთ მეთოდს გაგიზიარებთ: ყურები არ ჩამოყაროთ და იმ ბრინჯისგან ახალი კერძი მოამზადეთ. ტაფაზე კვერცხთან, ბოსტნეულთან, ცოტა ხორცთან და სოიოს სოუსთან ერთად მოთუშეთ, საოცარ კერძს მიიღებთ.

 

3.    კერძი ძალიან ცხარე გამოგივიდათ

 

 

თუკი კერძი ან სოუსი მეტისმეტად ცხარე გამოგივიდათ, არაჟანი ან ნეიტრალური გემოს იოგურტი დაუმატეთ. მაგრამ, თუკი კონკრეტულად აჯიკა გაგიცხარდათ, წაიკითხეთ 5 რჩევა სიცხარის გასანეიტრალებლად.

 

4.    ბოსტნეული ჩაიხარშა და ზედმეტად დარბილდა

 

 

რა უნდა ვუშველოთ ჩახარშულ ბოსტნეულს? არც კი იფიქროთ მათ გადაყრაზე, 2 გამოსავალს შემოგთავაზებთ:

 

1. ბოსტნეული ½ ჭიქა ბულიონთან, მწვანილებთან და ნიორთან ერთად დააბლენდერეთ, ყინულის ფორმებში ჩაასხით, გაყინეთ და ბოსტნეულის ბულიონის კუბებს მიიღებთ, რომლებიც მაღაზიაში ნაყიდს ბევრად სჯობია.

 

2. მარტივი კასეროლი მოამზადეთ. ჩახარშულ ბოსტნეულს ათქვეფილი კვერცხი და ¼ ჭიქა საფანელი დაუმატეთ, თავზე ყველი მოახეხეთ და 15 წუთით ღუმელში გამოაცხვეთ. ახალ და გემრიელ კერძს მიიღებთ.

 

5.    ხორცი ზედმეტად გამოშრა

 

 

თუკი ხორცი იმდენ ხანს ხარშეთ, შეწვით ან აცხვეთ, რომ ზედმეტად გამოშრა, სითხე უნდა დაუმატოთ. გამომშრალი ხორცი რამდენიმე ჭიქა ქათმის ან ძროხის ბულიონთან ერთად მოათავსეთ ჭურჭელში. რამდენიმე წუთში ამოიღეთ და სასურველ გარნირთან ერთად მიირთვით.

 

თუკი პირიქით, ძველი და მაგარი ხორცი გაქვთ, წაიკითხეთ რამდენიმე რჩევა მის დასარბილებლად.

 

6.    კრემი აიჭრა

 

 

აჭრილ კრემს არასასიამოვნო კონსისტენცია და გემო აქვს, მისი გამოყენება ტორტებისა თუ ნამცხვრებისთვის დაუშვებელია, მაგრამ სანამ გადასაგდებად გაიმეტებთ, ორ მეთოდს გაგიზიარებთ:

 

1. იმისათვის, რომ კრემი არ აიჭრას, ყველა ინგრედიენტი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. თუკი კრემი მაინც აიჭრა, ორთქლის აბაზანაზე შემოდგით. ყველა ინგრედიენტი ერთ ტემპერატურაზე დაიყვანება, კრემი კი კარგი და პრიალა გამოვა. გაკეთილშობილებული კრემი მაცივარში შეაბრძანეთ, რომ გამყარდეს და გასქელდეს.

 

2. კრემს ნელ-ნელა ცოტა ნეიტრალური გემოს ზეთი შეათქვიფეთ, რამდენიმე წუთში კრემი ერთგვაროვანი გახდება.

 

7.    ბისკვიტი ან ორცხობილები დაიშალა და დატყდა

 

 

თუკი ბისკვიტი არამყარია, ხოლო ორცხობილები ტყდება და იშლება, ე. წ. ჩინური ტორტი ააწყვეთ. სასურველი კრემი მოამზადეთ და ხილით გააფორმეთ. შედეგი თავდაპირველ ჩანაფიქრზე არანაკლები იქნება.