როგორ დავზოგოთ ფული საკვებზე - 3 ოქროს რჩევა ჯეიმი ოლივერისგან - Gemrielia.ge

როგორ დავზოგოთ ფული საკვებზე - 3 ოქროს რჩევა ჯეიმი ოლივერისგან

ბრიტანელი შეფმზარეული ჯეიმი ოლივერი არა მხოლოდ მისი სატელევიზიო გადაცემებითა და რეცეპტებით არის ცნობილი, არამედ იმითაც, რომ უდიდეს ყურადღებას აქცევს ქველმოქმედებასა და ჯანსაღი კვების პოპულარიზაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 

ჩვენს მკითხველებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს ჯეიმი ოლივერის ცნობილი პიცის ცომის რეცეპტი, მაგრამ ამჯერად არა მის სხვა რეცეპტებს, არამედ რჩევებს გაგიზიარებთ იმისათვის, რომ თქვენი ოჯახის ყოველთვიური ბიუჯეტი მთლიანად კვებისთვის არ დაგჭირდეთ და თანხის დაზოგვა შეძლოთ.

 

 

საყინულე შენი ყველაზე დიდი მეგობარია

 

გაყინვის მეთოდით პროდუქტების შენახვა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ქართველმა დიასახლისებმა ისე კარგად აითვისეს გაყინვის ტექნოლოგიები, რომ ახლა ხილისა თუ ბოსტნეულის გაყინვა აღარავის უკვირს.

 

მწვანილი - იყიდეთ მწვანილი მაშინ, როდესაც ყველაზე იაფია. შემდეგ ზეთში შენახვის წესი გამოიყენეთ და საყინულეში შეინახეთ. სასურველ დროს გამოიღებთ და წვნიანებს დაუმატებთ. ხოლო, თუკი ცოცხლად შენახვა გსურთ, მაშინ ეს მეთოდი სცადეთ. 

 

ბულიონი - თუ საჭიროზე მეტი ბულიონი მოამზადეთ, კონტეინერში ან ყინულის კუბებში ჩაასხით და გაყინეთ. ამის შემდეგ ბულიონის კუბებს მაღაზიაში ნამდვილად აღარ შეიძენთ.

 

 

პური - დიახ, მხოლოდ პასკას კი არ ვინახავთ საყინულეში, პურის შენახვაც შესაძლებელია. მთავარია გამოყენების შემდეგ კარგად გაალღვოთ და სურვილის შემთხვევაში ტოსტერში, ღუმელსა თუ ტაფაზე გააცხელოთ.

 

მზა საკვები - მომზადებული კატლეტის, ქაბაბისა თუ პელმენების შესანახად საყინულეზე უკეთეს ადგილს ვერ ნახავთ. დღესასწაულებზე, როცა საჭიროების გარეშეც კი ბევრ კერძს ვამზადებთ ხოლმე, საყინულეში შენახვით მათ ნამდვილად გავუხანგრძლივებთ ვადას და გემოვნურ თვისებებსაც შევუნარჩუნებთ.

 

ხილი და ბოსტნეული - პირდაპირ გეტყვით: თუ წელს რამის გაყინვას აპირებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია! - გეტყვით, როგორ გაყინოთ ბოსტნეული და ხილი ზამთრისთვის

 

ისწავლე იტალიელებისგან

 

 

ჯეიმი ოლივერი მთელი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს, მაგრამ განსაკუთრებულად უყვარს იტალიური სამზარეულო. როგორც ის ამბობს, იტალიელებისგან საუკეთესოდ შეიძლება ისწავლო მორჩენილი ან ძველი პროდუქტებისგან ახალი კერძების მომზადება. მაგალითად, ფრიტატა იტალიური ომლეტია, რომლის მთავარი ინგრედიენტი წინა დღის მორჩენილი ბოსტნეულია. ასევე, იტალიელები ამზადებენ პანზანელას სალათას, არც მეტი, არც ნაკლები, ბოსტნეულში ჩაშუშული ძველი პურისგან.

 

ჩვენ შორის დარჩეს და, როგორც ჩანს, ჯეიმის 90-იანი წლების ქართულ გასტრონომიაზე წარმოდგენაც კი არ აქვს, თორემ სად იყვნენ იტალიელები თავიანთი ძველი პურით, როცა ქართველები სიგუას ნამცხვარს აცხობდნენ!

 

იყიდე იმდენი, რამდენიც გჭირდება

 

 

საყიდლებზე წასვლისას ზუსტად განსაზღვრეთ, რა ოდენობის პროდუქტი გჭირდებათ. მალფუჭებადი პროდუქტები იყიდეთ ზუსტად იმდენი, რამდენიც გჭირდებათ. გაითვალისწინეთ, რომ ხილი და ბოსტნეული დიდხანს არ ძლებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პერიოდულად მაცივარი კარგად გაიწმინდოს, რათა ხილი და ბოსტნეული ბაქტერიებისგან მაქსიმალურად დაცული იყოს.