საქართველოს 5 მხარე, რომელთა სამზარეულოზეც უარს ვერასოდეს ვამბობთ (+ რეცეპტები) - Gemrielia.ge

საქართველოს 5 მხარე, რომელთა სამზარეულოზეც უარს ვერასოდეს ვამბობთ (+ რეცეპტები)

   
ქართული სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და მრავალფეროვანია მსოფლიოს გარშემო, რომელიც საუკუნეებს ითვლის. იგი კავკასიური სამზარეულოს ნაწილია, რომელშიც თავს იყრის არაერთი ტრადიციული კერძი.

 

საქართველოს მდიდარი გასტრონომიულლი კულტურა და სამზარეულო აქვს, თითოეულ მხარეს თავისთვის დამახასიათებელი, განსხვავებული კერძები გააჩნია. გთავაზობთ საქართველოს რამდენიმე კუთხის ტრადიციულ კერძებს.

 

კახეთი

 

ისევე როგორც საქართველოს დანარჩენ კუთხეებს, კახეთსაც განსხვავებული, თავისებური და უგემრიელესი სამზარეულო აქვს, რომელშიც უმეტესწილად ხორცის კერძებია წარმოდგენილი.

 

მწვადი კახური სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. ხორცს წალამზე წვავენ, ამით მას განსაკუთრებულ არომატს სძენენ. მწვადს ძალიან უხდება ქართული ტრადიციული სოუსი - ტყემალი.

 

კახურ სამზარეულოს ეკუთვნის საქართველოს ყველაზე გემრიელი დესერტები - ჩურჩხელა და თათარა, რომელიც ყურძნის წვენისგან მზადდება.  

 

ნახეთ რეცეპტი: „ნამდვილი თათარა უნდა მომზადდეს მხოლოდ ასე...“ – როგორ შევარჩიოთ 2 მთავარი ინგრედიენტი

 

სამეგრელო

 

ერთ-ერთი  ტრადიციული მეგრული კერძი ელარჯია, რომლის მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს, მაგრამ ამბობენ, რომ ნამდვილი ელარჯის დაგემოვნება მხოლოდ სამეგრელოშია შესაძლებელი, რომელიც განსაკუთრებულად გემრიელი და მადისაღმძვრელია. 

 

ასევე ტრადიციული მეგრული კერძია გებჟალია და ფუჩხოლია. გებჟალია  რძეში ჩადებულს ნიშნავს.  ფუჩხოლია კი ძველი მეგრული კერძია, რომლის შესახებ ახალმა თაობამ თითქმის არც კი იცის. იგი სამეგრელოს სოფლებში მზადდება. ფუჩხულია-დაფშვნილს ნიშნავს. ამ კერძს ასე იმიტომ ჰქვია, რომ ჭყინტი ყველი, რომელიც მთავარი ინგრედიენტია, ხელით იფშვნება.

 

რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

 

აჭარა

 

აჭარულ კერძებზე დიდი გავლენა მოახდინა მაღალმთიან სოფლებში ცხოვრების წესმა. მოსახლეობა ძირითადად მესაქონლეობითაა დაკავებული და ამიტომაც აჭარულ კერძებში ხშირად ვხვდებით რძეს, თუმცა ბოსტნეულისა და ხორცისაგან მომზადებულ კერძებიც ხშირია ამ მხარეში. სწორედ აქ გამოიხატება აჭარული სამზარეულოს მრავალფეროვნება.

 

აჭარულ ოჯახში მოხვედრისთანავე, აუცილებლად დააგემოვნებთ აჭარულ ბორანოს, რომელიც იქაურებისთვის ერთ-ერთი საყვარელი და უგემრიელესი კერძია. იგი კარტოფილისგან, ყველისა და კარაქისგან მზადდება.

 

აქაური რამდენიმე კერძი თურქულ კერძებთანაც არის დაკავშირებული. მაგალითად აჭარული დესერტი ფახლავა და შაქარლამა.

 

აჭარული ფახლავა. რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

 

ფშავი

 

ფშაური ტრადიციული კერძია დამბალხაჭო.  როგორც ირკვევა, ომში სხვა საკვებთან ერთად მეომრებს დამბალხაჭოც მიჰქონდათ, გამძლეობისა და სიმსუყის გამო.

 

ხინკლის შექმნა აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან მხარეს მიეწერა, მათ შორისაა ფშავი, ხევსურეთი.

 

 

დაგაინტერესებთ: როგორ მზადდება დამბალხაჭოს ხინკალი - რეცეპტი ფშავიდან

 

 

იმერეთი

 

ტოპ 5 სიაში აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ იმერული სამზარეულო. იმერლების ტრადიციული კერძი იმერული ხაჭაპურია, რომელსაც „დედა ხაჭაპურს“, პირველ ხაჭაპურს უწოდებენ.

 

იმერულ სუფრაზე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფხალეულს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ თანამედროვე მსოფლიო გასტრონომიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ვეგანური სამზარეულოა, იმერული სამზარეულოს ღირებულება ნამდვილად დიდია.

 

ასევე დაგაინტერესებთ: მაჭიკით მომზადებული ყველი, ათასგვარი მხალეული იმერეთში - „გემრიელიას“ რედაქტორის გასტრონომიული მოგზაურობა ჟამიანობის დროს

 

ავტორი: ია რომანაძე