რა განსხვავებაა დარიჩინის ჩხირებსა და ფხვნილს შორის და როდის რომელი უნდა გამოვიყენოთ?
ბაზრებსა თუ მაღაზიებში ძალიან ხშირად გვხვდება დარიჩინი ჩხირებისა და დაფქული ფორმით. რა თქმა უნდა, ორივე ერთი სანელებელია და ძალიან სასაგებლოა, მაგრამ მათ შორის მცირე განსხვავებაცაა. მაგალითად, დარიჩინის ჩხირებს გაცილებით მძაფრი არომატი აქვთ, ვიდრე, ფხვნილს. გარდა ამისა, შენახვის პირობებს ზუსტად თუ დავიცავთ, დარიჩინის ჩხირები უფრო დიდხანს ინახება (დაახლოებით, 2 წლამდე), ვიდრე დარიჩინი დაფქული სახით (ძლებს 3–დან 6 თვემდე).
შეიძლება თუ არა დაფქული დარიჩინის გამოყენება ჩხირების ნაცვლად და პირიქით?
გარკვეულ შემთხვევებში შეგიძლიათ დარიჩინის ფხვნილის ჩხირების ნაცვლად გამოყენება. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ თუკი სითხეში აპირებთ მის დამატებას, აჯობებს, მომზადებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაამატოთ და არა დასაწყისშივე. ასე უფრო დიდხანს შენარჩუნდება დარიჩინის სასიამოვნო არომატი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასმელი გამწარდება და მისი გემო ნამდვილად არ გესიამოვნებათ.
დარიჩინის ჩხირები ნაკლებად გამოგვადგება საკონდიტრო ნაწარმში. მაგალითად, დარიჩინის ფუნთუშებს თავზე დარიჩინის ფხვნილს თუ ვაფრქვევთ, დარიჩინის ჩხირები ამის საშუალებას არ იძლევა. თუმცა აქაც არის გამოსავალი. მოათავსეთ დარიჩინის ჩხირი იმ სითხეში, რომელსაც დესერტის მოსამზადებლად იყენებთ. განსაკუთრებით კარგად გამოდის დარიჩინის არომატი თბილ რძეში. დააყოვნეთ 1–2 საათით და იმ სითხისგან მოამზადეთ დესერტი.
როდის უნდა გამოვიყენოთ დარიჩინის ჩხირები და როდის დაფქული დარიჩინი?
დაფქული სახით დარიჩინის გამოყენება საკონდიტრო ნაწარმშია მიზანშეწონილი.
გირჩევთ:
ხაჭოსა და დარიჩინის ნამცხვარი ფენოვანი ცომით
ვაშლისა და დარიჩინის ნამცხვარი
დარიჩინის ჩხირები შეუცვლელია სასმელებში, რომლებსაც ხარშვა სჭირდებათ. ასევე, ცხელი შოოლადის რამდენიმე რეცეპტში სწორედ დარიჩინის ჩხირია მითითებული.
გირჩევთ:
სურნელოვანი გლინტვეინის მარტივი რეცეპტი ცივი საღამოებისთვის