„საქართველოში მომზადებულს განსაკუთრებული გემო და არომატი აქვს“ - ემიგრანტი და თვითნასწავლი კონდიტერი, რომელიც საოცარ დესერტებს ქმნის - Gemrielia.ge

„საქართველოში მომზადებულს განსაკუთრებული გემო და არომატი აქვს“ - ემიგრანტი და თვითნასწავლი კონდიტერი, რომელიც საოცარ დესერტებს ქმნის


კარალევსკი, ყარაყუმი, ნაპოლეონი - ამ გემრიელი ნამცხვრების რეცეპტების ავტორი Gemrielia.ge-ის მკითხველისთვის უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი თამო მეფიშვილია. მის მიერ შემოთავაზებულ კერძებსა თუ დესერტებს ასობით მომწონებელი და გამზიარებელი ჰყავს. თამო კულინარიის მოყვარულთა ჯგუფში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ის პროფესიით ფარმაცევტია, კულინარიული მიმართულებით კი განათლება არასდროს მიუღია. ამან ხელი ვერ შეუშალა მის მონდომებასა და ინტერესს, რომ ახალი რეცეპტები გამოეცადა და წარმატებული მცდელობები Gemrielia.ge-ის ჯგუფის 86 000-ზე მეტი მკითხველისთვის გაეზიარებინა.

 

ასევე დაგაინტერესებთ: პრაქტიკული რჩევები ცხობისთვის თამო მეფიშვილისგან

 

ტორტი „კარალევსკი“. რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს


თამო მეფიშვილი 31 წლისაა, ამჟამად მეუღლესთან ერთად უკრაინაში ცხოვრობს და მისი ძირითადი საქმიანობა საკონდიტრო სფეროს მოიცავს. როგორც ის ჩვენთან საუბრისას ამბობს, კულინარიით არც ისე დიდი ხნის წინ დაინტერესდა და პირველად დესერტის, „სნიკერსის“ მომზადება სცადა. რეცეპტის ავტორისთვის მადლიერების გამოსახატად, საკუთარი ნახელავი კულინარიულ ჯგუფში დადო, რამაც ხალხისგან დიდი გამოხმაურება, მოწონება და სიყვარული დაიმსახურა. ეს თამოსთვის განსაკუთრებული სტიმულის მიმცემი აღმოჩნდა და მას შემდეგ არასდროს შეუწყვიტავს მზადება. მიუხედავად იმისა, რომ უცხო ქვეყანაში ხშირად განიცდის ქართული კერძებისა თუ ინგრედიენტების დანაკლისს, მაინც ახერხებს, უკრაინაში მცხოვრები თანამემამულეებისგან შეიძინოს  მონატრებული სულგუნი, სუნელები თუ სანელებლები: „...მაგრამ საქართველოში მომზადებულს განსაკუთრებული გემო და არომატი აქვს,“ - ამბობს იგი ჩვენთან საუბრისას. 

 

„ყარაყუმი“. რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

 


თამო მეფიშვილმა საკუთარი გატაცება - კულინარია - შემოსავლის წყაროდაც აქცია და ახლა მას უამრავი შეკვეთა და კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს. თავად განსაკუთრებით უყვარს მეგრული სამზარეულო, განსაკუთრებით - ღომი და ბაჟე. დესერტებიდან  მისი სიმპატია ნაპოლეონმა დაიმსახურა. თამოს მომზადებული რომ ნამდვილად განსაკუთრებული გემოთი და ვიზუალით გამოირჩევა, ამაზე Gemrielia.ge-ს ჯგუფის მომხმარებლების რეაქციები ყველაზე ნათლად მეტყველებს - მის რეცეპტებს ათასობით მოწონება და გაზიარება აქვს. „ეს ტორტი კი არა, შედევრი და ხელოვნებაა, ბრავო,” - ასეთ აფასებს ჯგუფის ერთ-ერთი მომხმარებელი, თამთა ჟორჟოლიანი, თამოს მომზადებულ მარწყვისა და ბანანის ტორტს. 

 


მიუხედავად იმისა, რომ თამოს საკუთარი ჯგუფი აქვს სახელწოდებით „თამოს კულინარიული სამყარო“, გემრიელია.ჯი-ს გვერდი და ჯგუფი მის ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. როგორც თავად იხსენებს, „გემრიელიას საოცარ ჯგუფში, დაახლოებით, ერთი წელია, რაც ვდებ ჩემს მომზადებულებს და თითოეული წევრისგან  უამრავ დადებით შეფასებას ვიღებ. ჩემთვის მთავარი და განსაკუთრებული ჯგუფია.“

 

ნაჭრებიანი ნაპოლეონი. რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

 


31 წლის კონდიტერი, თამო მეფიშვილი თვითნასწავლია და დღემდე ცდილობს, რაც შეიძლება მეტი რეცეპტი გამოსცადოს, უფრო მეტი ადამიანის გულსა და რეცეპტორებს ასიამოვნოს. თამოს დიდი გეგმები აქვს - საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ის საკუთარი საკონდიტროს გახსნას აპირებს. ასე რომ, მალე არამხოლოდ სურათებით ტკბობას, არამედ მის მიერ მომზადებული უგემრიელესი დესერტების გასინჯვასაც შეძლებთ. 

 

ავტორი: თაკო ძიძიკაშვილი