„თაფლი დამიშაქრდა, როგორ უნდა მოვიქცე?“ უსაფრთხოა თუ არა დაშაქრებული თაფლი და როგორ დავუბრუნოთ პირვანდელი სახე
ბოლო დროს თაფლთან დაკავშირებით ორი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება გავრცელდა. ერთ მხარეს დგანან ადამიანები, რომლებიც ტრადიციული მიდგომის მომხრეები არიან და თაფლს „თხევად ოქროდ“ მოიხსენიებენ, მეორე მხარე კი ფიქრობს, რომ ამ პროდუქტის სარგებლიანობასთან დაკავშირებული მოსაზრებები გადაჭარბებულია.
დაგაინტერესებთ: წამალი თუ საწამლავი? სიმართლე თაფლის შესახებ - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის განმარტება
რაც უნდა იყოს, ეს პროდუქტი თითქმის ყველა ოჯახშია და მასთან დაკავშირებული პრობლემებიც იჩენს ხოლმე თავს. მაგალითად, როგორ ვიქცევით, თუკი შევამჩნევთ, რომ თაფლი ქილაში ნახევარად მუქია, ნახევარად ღია? ან მაშინ რას ვაკეთებთ, თუკი თაფლის ზედაპირზე ქაფს შევამჩნმევთ? და თავიდან რომ დავიწყოთ, საერთოდ როგორ ვიგებთ, ნატურალურია თუ არა თაფლი? ამ თემებზე ჩვენს საიტზე შეგიძლიათ წაიკითხოთ, ამ სტატაში კი სხვა რამე გვინდა განვიხილოთ - დაშაქრებული თაფლი.
ახალ თაფლს ბლანტი კონსისტენცია და მომხიბლავი შეფერილობა აქვს, თუმცა დროთა განმავლობაში თაფლი კრისტალდება (სხვანაირად, შაქრდება). უფრო ზუსტად, ეს გამაგრებული გლუკოზის საფარია, რომელიც პროდუქტის დიდი ხნით შენახვის შემთხვევაში ჩნდება.
შეიძლება თუ არა დაშაქრებული თაფლის ჭამა?
დიახ, რა თქმა უნდა, შეიძლება. კრისტალიზაცია იმას არ ნიშნავს, რომ პროდუქტი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. ასეთი თაფლი არც სასარგებლო თვისებებს კარგავს, მხოლოდ ისაა საკითხავი, თქვენთვის რამდენად კომფორტულია ხრაშუნა თაფლის ჭამა.
როგორ დავუბრუნოთ თაფლს თავდაპირველი იერი?
დაშაქრებული თაფლისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება შესაძლებელია. ამისთვის 3 მეთოდს გაგიზიარებთ, თქვენ კი კომენტარებში დაგვიწერეთ, რომელი მოგეწონებათ ყველაზე მეტად.
1. წყლის აბაზანა
თაფლი გადატანეთ ჯამში. ქვაბით წყალი გააცხელეთ არაუმეტეს 40 გრადუს ტემპერატურაზე. ჯამი ქვაბში ჩადგით (ეცადეთ იმ ზომის ჭურჭელი შეარჩიოთ, რომ ჯამი წყალს არ ეხებოდეს). თაფლს ურიეთ, სანამ არ გადნება და პირვანდელ იერს არ დაიბრუნებს. შემდეგ გადმოდგით და სუფთა ქილაში გადაიტანეთ.
2. გამათბობელი
ზამთარში, როცა გათბობა გვაქვს ჩართული, შეიძლება თაფლი გამათბობლის დახმარებით გავათბოთ. ამისათვის პროდუქტი მინის ჭურჭელში გადაიტანეთ, გამათბობელთან მოათავსეთ და პერიოდულად დაატრიალეთ. თაფლი ცოტა ხანში გადნება.
3. მზე
ზაფხულშიც არანაკლებ მარტივია თაფლის გადნობა. თბილად შეფუთეთ და მზიან ადგილას მოათავსეთ. შიგადაშიგ შეამოწმეთ.
თქვენ რას ფიქრობთ დაშაქრებულ თაფლზე?