თუ ჩირის მომზადებას აპირებთ,აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია - Gemrielia.ge

თუ ჩირის მომზადებას აპირებთ,აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია

 

ზამთარში, რომელიც ხილის მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა, ვიტამინების მიღება ჩირისგან შეგვიძლია. სანამ მის დასამზადებლად სპეციალური აპარატები შეიქმნებოდა, ჩირის მოსამზადებელი ერთადერთი საშუალება მზე იყო.


წარმოგიდგენთ ჩირის მომზადების სამ მეთოდს და განვიხილავთ თითოეულის დადებით და უარყოფით მხარეებს.


1.    მზეზე გამოშრობა


მზეზე გამოშრობის მეთოდს დღემდე აქტიურად მიმართავენ. მაგალითად, ქლიავის ჩირის დამზადებისას ქლიავს კარგად რეცხავენ და 10–15 წუთის განმავლობაში სოდიან წყალში ხარშავენ. შედეგად, ქლიავის კანზე ნახეთქები ჩნდება, საიდანაც წყალი ადვილად ორთქლდება. ამის შემდეგ ქლიავს ცივ წყალში ავლევბენ, აგრილებენ და ერთ ფენად აწყობენ ფირფიტაზე. მზიან ამინდში მთელი დღით გარეთ აჩერებენ და რამდენჯერმე ატრიალებენ, რომ ნაყოფი ორივე მხარეს თანაბრად გამოშრეს.


დადებითი მხარეები:

 

•    ბუნებრივი გზით მზადდება ელექტრო ენერგიის დახარჯვის გარეშე;
•    მომზადება თავიდან ბოლომდე ჩვენზეა დამოკიდებული. ზუსტად განვსაზღვრავთ და თავისუფლად ვაკვირდებით ჩირის დამზადების თითოეულ დღეს;
•    აქვს ბუნებრივი გემო და არომატი.
 

უარყოფითი მხარეები:


•    მომზადებას რამდენიმე კვირა სჭირდება;
•    არის შანსი, რომ ჩირზე მტვრის ნაწილაკები აღმოჩნდეს;
•    ჰაერზე გამომშრალ ჩირს ხშირად უჩნდება შავი წერტილები, რაც იმ მწერების დამსახურებაა, რომლებმაც თქვენს ჩირთან ახლოს ჩაიარეს და არამხოლოდ ჩაიარეს.

 

რჩევა: თუ ჩირის მზეზე გამოშრობას გადაწყვეტთ, მარლა გადააფარეთ, რომ მისი საკვებად გამოყენება საშიში არ გახდეს. ასე სრულად ვერა, თუმცა დიდად დაიცავთ ჩირს მტვრის ნაწილაკებისა და მწერებისგან.


2.    ღუმელში მომზადება


ღუმელში მომზადებული ჩირი მზეზე გამომშრალზე არანაკლებ გემრიელია. მას შემდეგ, რაც ელექტრო ენერგიასა თუ გაზზე მომუშავე ღუმელი გაჩნდა ოჯახებში, ამ ხერხს სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიმართავს. მთავრი სპეციფიკა ისაა, რომ ტემპერატურა ზუსტად უნდა შევარჩიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩირი ან დაიწვება, ან პირიქით, სრულყოფილად არ გამოშრება.
ისევ ქლიავის მაგალითზე რომ განვიხილოთ, თუ ღუმელში ვაშრობთ, შემდეგ საფეხურებს უნდა გავყვეთ: ჯერ 3–4 საათის განმავლობაში 40–50 გრადუსზე გამოაშრეთ, შემდეგ – 4–5 საათით ოთახის ტემპერატურაზე, ბოლოს კი მაღალ ტემპერატურაზე (60–70 გრადუსზე).
ზოგიერთი რეცეპტით, 100 გრადუსზე, დაახლოებით, 5 საათის განმავლობაშიც გამოშრება, მაგრამ ამ დროს ღუმლის კარი ღია უნდა იყოს.


დადებითი მხარეები: 


•    მზეზე გამოშრობისგან განსხვავებით, მომზადებას უფრო მცირე დრო სჭირდება;
•    მწერებისა და მტვრის ნაწილაკების მოხვედრის ჩანსი უმცირესია.


უარყოფითი მხარეები:


•    სხვადასხვა ფირმისა და წლის ღუმელი განსხვავებულად აშრომს ხილს. ასე რომ, ზუსტი რეცეპტი არ არსებობს და ტემპერატურისა თუ დროის ცვლილება თქვენზე იქნება დამოკიდებული;
•    თუკი მზეზე გამოშრობისას მისთვის თვალის მიდევნება აუცილებელი არ არის, ღუმელში გამოშრობისას თვალი არ უნდა მოაცილოთ და საჭიროებისამებრ ცვალოთ ტემპერატურა;
•    ჩირი ღუმელში სრულად არ შრება და ჰაერზე დატოვება, მინიმუმ, ერთი სრული დღით კიდევ სჭირდება.


რჩევა: თუკი ჩირის მომზადებას ღუმელში გადაწყვეტთ, ერთი დღე გადადეთ მისთვის. მომზადების დროს ტემპერატურა საჭიროებისამებრ ცვალეთ. აჯობებს, დაბალი ტემპერატურა მიუთითოთ და უფრო დიდი დრო დაგჭირდეთ მომზადებისთვის, ვიდრე მაღალმა ტემპერატურამ თქვენი ხილი შეიწიროს.


3. ჩირის აპარატში მომზადება


დღეისათვის ჩირის მოსამზადებლად ყველაზე თანამედროვე მეთოდი ჩირის აპარატის გამოყენებაა. ამ შემთხვევაში რეცეპტში დასახელებულ ტემპერატურასა და დროს შეგიძლიათ მიყვეთ. მაგალითად, ქლიავის ჩირის მომზადებას 60 გრადუსი და 24 საათი სჭირდება. აპარატის გამოყენება მარტივი და კომფორტულია. ფასი 70–დან 300 ლარამდე მერყეობს.


დადებითი მხარეები:


•    ჩირი შრება დახურულ სივრცეში, უსაფრთხოების ნორმების დაცვით;
•    თვალის მიდევნება საჭირო არ არის. შეგიძლიათ, ჩართული დატოვოთ და რამდენიმე საათი მისკენ არც კი გაიხედოთ;
•    მიუხედავად იმისა, რომ 12–დან 24 საათამდე უნდა გქონდეთ ჩართული, საკმაოდ ცოტა ელექტრო ენერგიას მოიხმარს.


უარყოფითი მხარეები:


•    მცირე ზომის ხილის ჩირს ვერ გააკეთებთ, რადგან ასეთი აპარატების უმეტესობას საკმაოდ დიდი დაშორებები აქვს სართულების ზედაპირებზე. მცირე ზომის ნაჭრები, უბრალოდ, ძირს დაიყრება.
•    ჩვეულებრივ, ჩირი ყველა სართულზე სხვადასხვანაირად შრება. თუ დიდი (მაგალითად, 12–სართულიანი) აპარატი გაქვთ, შეიძლება, რამდენიმე სართული საერთოდ ვერ გამოშრეს.


რჩევა: ნახევარი დროის გასვლის შემდეგ სართულები შეატრიალეთ. პირველი რომელიც იყო, ის ბოლოში მოათავსეთ და ა.შ. 
როგორ შევინახოთ ჩირი?


გამზადებული ჩირი არავითარ შემთხვევაში არ ჩაყაროთ პოლიეთილენის პარკებში, თორემ მალე გაფუჭდება. მოათავსეთ შუშის ქილებში ან ნაჭრის ჩანთაში და გრილ ადგილას მოათავსეთ (მაგალითად, აივნის კარადაში). ჩირი ასე უფრო დიდხანს ინახება და გემოსაც უკეთ ინარჩუნებს.
 

 

როგორ გამოვიყენოთ ჩირი კერძებში?

ქათმის არომატული კატლეტები შავი ქლიავის ჩირით

ყავის სამარხვო ნამცხვარი შავი ქლიავის ჩირით

"გოზინაყი" შვრიით, ჩირით და თესლებით-სასარგებლო დესერტი და ენერგიის წყარო

ყველა რეცეპტი ნახეთ აქ

სხვადასხვა ხილის ჩირის სასარგებლო თვისებების შესახებ წაიკითხეთ აქ