4 კერძი ჩცდ-დან, რომელთა რეცეპტებსაც, რაც უნდა გუგლოთ, მაინც ვერ იპოვით - Gemrielia.ge

4 კერძი ჩცდ-დან, რომელთა რეცეპტებსაც, რაც უნდა გუგლოთ, მაინც ვერ იპოვით

ჩვენს საყვარელ წიგნებში ამოკითხული, ფილმებსა თუ სერიალებში ნანახი კერძები ისე გვიტაცებს ხოლმე, რომ ერთი სული გვაქვს დავაგემოვნოთ. მაგალითად, პეპის ფუმფულა მაჭკატები, რომლებსაც ეს ანცი გოგონა დიდი გატაცებით მიირთმევს ასევე ვილი ვონკას შოკოლადი ცნობილი წიგნიდან და ფილმიდან „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“.


 


რეალური კერძების რეცეპტების პოვნა საკმაოდ მარტივია, მაგრამ, თუკი კერძი მწერლისა თუ სცენარისტის ფანტაზიის ნაყოფია, მაშინ მხოლოდ ოცნება დაგვრჩენია. წარმოგიდგენთ ყველაზე პოპულარულ ქართულ სერიალში გაჟღერებულ 4 კერძს, რომელთა რეცეპტებსაც, რაც უნდა გუგლოთ, მაინც ვერ იპოვით.


 

1.    არამეული ჩიხირთმა

 

შაგუს გამოჩენის შემდეგ „ლე პურის“ არამეული ჩიხირთმის გასინჯვის სურვილი თითქმის ყველა მაყურებელს გაუჩნდა. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ ის კერძია, რომელსაც შაგუ ახალ წელსაც მიირთმევს, აღდგომასაც და „ვერა-ვაკობის დღესასწაულზეც“.


 


როგორი გემო აქვს? რით განსხვავდება ჩვეულებრივი, მამაპაპური ჩიხირთმისგან? - ეს კითხვები უკვე არაერთხელ დაისვა, თუმცა რაც უნდა ეცადოთ, ვერც „გუგლში“ და ვერც ჩვენს საიტზე მის რეცეპტს ვერ ნახავთ.


 

2.    ნელიკოს ბლინები

 


ვინც ჩცდ-ს პირველივე სეზონიდან უყურებს, კარგად ემახსოვრება ცნობილი „ნელიკოს ბლინები“, რომლებსაც თინას დედა პატივსაცემ სტუმრებს ყოველთვის დიდი სიყვარულით უმზადებს. სახალისო ფაქტია, რომ ნელიკოს ბლინები ჯერ ხორციანი ბლინები იყო, მოგვიანებით კი ტკბილ ბლინებად, კრეპებად მოგვევლინა. უფრო მეტიც, ნელიკოს ბლინები ერთგვარ ბრენდად იქცა და ერთხანს მისი შთაგონებით კაფეც კი გაიხსნა.


 



 

3.    ქეშიუს გოზინაყი

 


ჩცდ-ს მე-12 სეზონის 45-ე სერიაში ჩიკას მზიკო თავის ნათესავ ქალს ესაუბრება: 


 


„თხილის გოზინაყიც გემრიელია, ნუშის გოზინაყიც გემრიელია და მზესუმზირის გოზინაყიც გემრიელია, მაგრამ ქეშიუს გოზინაყი სულ სხვა ლიგაა.“


 


საუბარს ჩიკა აწყვეტინებს: 


 


„თუ ყველას ჩამოუდგები და ყველას მოუყვები, არ ვიცი რამდენად დარჩება მხოლოდ გემოს გულისთვის უმაღლეს ლიგაში.“


 


ალბათ უკვე ხვდებით, რომ დიდებული ქეშიუს გოზინაყის რეცეპტს მზიკო ჩვენ კი არა, თავის ნათესავსაც აღარ გაუზიარებს, ამიტომ ისევ ტრადიციულ, ნიგვზის გოზინაყს დავჯერდებით.


 



 

4. ნუნუკას ხაჭაპური

 


იმერლებს რომ ხაჭაპურის ცხობა არ ეშლებათ, ყველამ ვიცით. თითქოს ნუნუკას ხაჭაპურიც განსაკუთრებული არაფერი უნდა იყოს, თუმცა ფაქტია, რომ ყველა, ვინც მის მის ხაჭაპურს სინჯავს, აღიარებს, რომ ნუნუკა ხაჭაპურების ოსტატია. თან ხომ გახსოვთ, რომ თავისი ხელობა ბიზნესად აქცია კიდეც. 


 


ნუნუკასგან არ ჩაგვიწერია ხაჭაპურის რეცეპტი, მაგრამ ჭეშმარიტი იმერული ხაჭაპურის რეცეპტს ნამდვილად ნახავთ ჩვენს საიტზე. 


 




თქვენ რომელი კერძისა თუ დესერტის დაგემოვნება მოგანდომათ ფილმებმა და სერიალებმა?