როგორ შევინახოთ ჩირი, რომ დიდხანს გაძლოს - 7 წესი, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვათ - Gemrielia.ge

როგორ შევინახოთ ჩირი, რომ დიდხანს გაძლოს - 7 წესი, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვათ

ჩირი ძალიან სასარგებლო და გემრიელი სასუსნავია. გარდა იმისა, რომ ჩირის ცალკე მირთმევაც მშვენიერი იდეაა, მათი დამატება ფაფებსა და დესერტებშიც შეგვიძლია. ხილის გამოსაშრობად 3 განსხვავებული მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ როგორ შევინახოთ ჩირი ისე, რომ დიდხანს გაძლოს, მწერები არ დაეხვეს და არ დაობდეს? რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ, რომელთა დახმარებითაც თამამად შეინახავთ როგორც სახლში მომზადებული, ისე მაღაზიასა თუ ბაზარში შეძენილ ჩირს.

 

1.    შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას

 

ჩირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერი სითბო და ტენია, ამიტომ უმჯობესია მშრალ და გრილ ადგილას შეინახოთ, არაუმეტეს 10 გრადუს ტემპერატურაზე. ასე შენახული ჩირი დიდხანს შეინარჩუნებს როგორც გემოს, ასევე მის ყველა სასარგებლო თვისებას.

 

2.    სხვადასხვა ხილის ჩირი ცალ-ცალკე შეინახეთ

 

თუნდაც სხვადასხვა ხილის ჩირისგან კომპოტის მომზადებას აპირებდეთ, უმჯობესია ცალ-ცალკე შეინახოთ. ყველა ხილის ჩირი სხვადასხვანაირია, ზოგი უფრო მშრალია, ზოგი - უფრო მეტად სველი, მათი ერთად შენახვა არ არის რეკომენდებული.

 

 

3.    გამოაშრეთ ღუმელში

 

თუკი მოხმარების წინ ჩირს რეცხავთ, მათ მხოლოდ ოთახის ტემპერატურაზე გამოშრობა შეიძლება არ ეყოს. უმჯობესია, ჯერ ასე გააშროთ, შემდეგ კი ღუმელში გამოაშროთ. ამ გზით ჩირს ობისგან დაიცავთ.

 

4.    შეინახეთ შესაბამის ჭურჭელში

 

ჩირის შესანახად საუკეთესო ჭურჭელი შუშის ქილა, ხის ან კერამიკის ფორმებია, ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ვარიანტია ნატურალური ტილოს ან ბამბის ჩანთები. რაც მთავარია, ჭურჭელსა თუ ნაჭერს თავი მჭიდროდ უნდა ჰქონდეს დახურული, რომ ჩირი კარგად შეინახოს.

 

 

5.    სველი ჩირი არ შეინახოთ

 

თუკი ჩირი სრულად არ არის გამომშრალი, გამხმარ პიტნასთან ერთად ნაჭრის ჩანთაში შეინახეთ და ბნელ ადგილას დაკიდეთ. ასე შენახულ ჩირს არც ობი მოეკიდება და არც მწერების შემოსევის მსხვერპლი გახდება.

 

6.    შენახული ჩირი შეამოწმეთ ხოლმე

 

რაც უნდა სწორად შეინახოთ ჩირი, შიგადაშიგ შემოწმება მაინც სჭირდება. თუკი სისველეს ან სხვა რამეს შეამჩნევთ, ღუმელში 75 გრადუს ტემპერატურაზე გამოაშრეთ.

 

 

7.    შენახვის ვადა შეამოწმეთ

 

მართალია ჩირი გამომშრალი ხილია, მაგრამ მისი ერთ წელზე მეტხანს შენახვა მაინც არ არის რეკომენდებული. თუკი მაინც დაგიგროვდათ და არ იცით, რაში გამოიყენოთ, მათი დახმარებით კექსი, ჩაი, ტორტი, ფლავი ან გრანოლა მოამზადეთ