ხშირად დასმული კითხვები - თუკი წელს პასკის გამოცხობას აპირებთ, აუცილებლად წაიკითხეთ
პასკას ქრისტიანები სააღდგომოდ აცხობენ მაცხოვრის აღდგომის რწმენის ნიშნად. სიმბოლურად იგი გოლგოთას აღნიშნავს, მთას, სადაც აწამეს და ჯვარს აცვეს.
პასკის ცხობა ერთგვარი რიტუალია, მას დიდი დრო და ნებისყოფა სჭირდება, თუმცა, რა თქმა უნდა, მარტივი რეცეპტებიც არსებობს, ასევე რეცეპტები შედარებით პატარა პორციისთვის. სურვილი თქვით, თორემ პასკა ტაფაზეც კი ცხვება. თუმცა, თუკი კლასიკური პასკის მომზადება გადაწყვიტეთ, გარჯა და წესების დაცვა მოგიწევთ.
პასკის შესახებ დასმული ყველაზე აქტუალური შეკითხვები შევკრიბეთ და პასუხებს გაგიზიარებთ. თუკი რამე დაგვაკლდა, აუცილებლად გვკითხეთ კომენტარებში და გიპასუხებთ.
1. რა დრო სჭირდება პასკის გამოცხობას?
თუკი კლასიკური პასკის გამოცხობა გადაწყვიტეთ, მინიმუმ 1 დღე აუცილებლად უნდა გადადოთ მისთვის. საუკეთესო შემთხვევაში 2 დღე დაგჭირდებათ, პირველი დღე ცომის მომზადებისთვის, მეორე დღე - გამოცხობისთვის.
2. რომელი რეცეპტით მოვამზადო?
აი, ეს ყველაზე რთული შეკითხვაა, რადგან არჩევანი ძალიან დიდია. ბოლო წლებში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ეს რეცეპტები:
3. რომელი საფუარი გამოვიყენო?
არსებობს ორი სახის საფუარი: ნედლი, ანუ დაწნეხილი და მშრალი აქტიური, სწრაფადმოქმედი. თითოეულის შესახებ შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ, ხოლო აქვე გეტყვით პროპორციას: 7 გრამი მშრალი საფუარი = 17,5 გრამ ნედლ საფუარს.
4. მნიშვნელობა აქვს თუ არა ოთახის ტემპარტურას?
გააჩნია რეცეპტს. არის რეცეპტები, სადაც ცომი მთელი ღამით მაცივარში ჩერდება. თუკი რეცეპტში ოთახის ტემპერატურაზე გაჩერებაა მითითებული, ხელოვნურად ნუ ეცდებით პასკის გათბობას პლედში შეხვევით. თუ ვერ ითმენთ და გინდათ მაქსიმალურად მალე ამოვიდეს ცომი, ღუმელი ჩართეთ, დაბალ ტემპარტურაზე (მაგ. 30-40 გრადუსი) დააყენეთ და პასკის ცომი შიგნით შეაბრძანეთ. ამავე მეთოდის გამოყენება შეგიძლიათ პასკების ფორმებში გადანაწილების შემდეგაც.
აქვე გასწავლით კიდევ ერთ ხრიკს: იმისათვის, რომ ცომი კარგად ამოვიდეს, საფუვრიანი მასა (საფუძველი) ჩადგით თბილ წყლიან (და არა ცხელ) ჯამში და გადააფარეთ სუფთა ჩაის ტილო.
5. ინგრედიენტები ოთახის ტემპარტურის უნდა იყოს?
დიახ, უმჯობესია ცივი ინგრედიენტები რამდენიმე საათით ადრე გამოიღოთ მაცივრიდან.
6. შეიძლება თუ არა პასკის ზომი მიქსერის მოიზილოს?
თუკი დიდი ზომის მიქსერი-კომბაინი გაქვთ, დიახ, შეიძლება. თუკი ხელის მიქსერი გაქვთ, სქელი ცომის მოსაზელი, სპირალური ჩხირები გამოიყენეთ. ცხადია, პროცესის ბოლომდე არ გაგყვებათ, მაგრამ ცომის გასქელებამდე მცირე დახმარებას მაინც გაგიწევთ.
7. რა არის შაფრანი, რომელსაც პასკის ცომს უმატებენ ხოლმე?
სანელებელი, რომელიც ოქროზე ძვირია - ასე მოიხსენიებენ შაფრანს, რომელიც ბევრს ჩვენებურ ყვითელ ყვავილში - ზაფრანაში ერევა. შაფრანს პასკის ცომს არომატისა და ფერისთვის უმატებენ. სწორედ იგი აძლევს ცომს მოყვითალო ფერს. თუკი არ გაქვთ შაფრანი და გსურთ პასკას მოყვითალო შეფერილობა ჰქონდეს, შეგიძლიათ გამოიყენოთ კურკუმა (ცხადია, თუ მისი გემო თქვენთვის მისაღებია).
8. აუცილებელია თუ არა სანელებლების წინასწარ „დათრობა“?
აუცილებელი არ არის, თუმცა ამბობენ, რომ ასე უფრო კარგად უჯდება გემოები. სასურველია 1 კვირით ადრე „დაათროთ“ სუნელები, ანუ არაყში, რომში ან კონიაკში გახსნათ და დააყოვნოთ. ასევე ბოლო წლებში ძალიან პოპულარულია სახლში მომზადებული ესენციების გამოყენება. ნახეთ რეცეპტები:
9. როგორ მოვიქცე თუ ცომი არ ამოდის?
თუკი ცომი გაჯიუტდა და არ ამოდის, მიზეზი შეიძლება იყოს გაფუჭებული ან/და ვადაგასული საფუარი, ტემპერატურის დარღვევა და სხვ. სანამ მიზეზების ძებნას ჩაუღრმავდებით, გამოსავალს შემოგთავაზებთ:
10. ქაღალდის ფორმა ჯობია თუ თუნუქის?
მზა ქაღალდის ფორმების ყიდვა გაცილებით მოსახერხებელია. მარტივად გამოიყენებთ და შეინახავთ, თუმცა თუკი თქვენთან ახლოს პასკის ფორმას ვერ იყიდით, ძველებურ მეთოდს მიმართეთ და კონსერვის ქილები გამოიყენეთ. ამისათვის საკმარისია ძირზეც და გვერდებზეც საცხობი ქაღალდი დაუფინოთ.
11. რამდენი გრამი ცომი უნდა ჩავდო ფორმაში?
ძალიან მარტივია - უნდა ჩადოთ იმდენი გრამი ცომი, რამდენგრამიანი ფორმაც გაქვთ. თუმცა თუ გსურთ თქვენს პასკებს ლამაზი გუმბათები გაუკეთდეს, მაშინ გირჩევთ 100 გრამით მეტი ჩადოთ.
12. როგორ უნდა მოვიქცე, პასკას ზედაპირი რომ არ დაუსკდეს?
ზოგს პირიქით - დამსკდარი თავით უფრო მოსწონს, მაგრამ, თუკი თქვენ ერთგვაროვანი გუმბათი გსურთ, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ ფორმაში მოხვედრის შემდეგ, უნდა აცადოთ ცომს კარგად ამოფუება და შემდეგ შედგათ ღუმელში. გარდა ამისა, ცომი კარგად უნდა დაამუშავოთ. ასევე, ზედაპირზე არ უნდა მოხვდეს ქიშმიში ან ცუკატი. დეტალური რჩევები ნახეთ აქ:
13. რომელი წვით ცხვება პასკა - ზედა, ქვედა თუ ორივე?
თუკი ინდუქციური ღუმელი არ გაქვთ, ეს შეკითხვა აუცილებლად გაგიჩნდებოდათ. როგორც ამბობენ, საუკეთესოა ცხობის ქვედა წვით დაწყება. ხოლო, როდესაც პასკა კარგად ამოვა, ზედა წვა ჩაურთეთ, რომ მოიბრაწოს.
14. რამდენ გრადუსზე გამოვაცხო პასკა?
ამ შეკითხვაზე ზუსტ პასუხს მხოლოდ ის ადამიანი გაგცემთ, ვისაც თქვენნაირი ღუმელი აქვს. სხვა შემთხვევაში აჯობებს რეცეპტს ენდოთ, მაგრამ თან აუცილებლად ყურადღებით დააკვირდეთ პასკას. თუკი თავი ეწვება - ზედა წვა გამორთეთ და თავზე ალუმინის ქაღალდი დააფარეთ.
15. რამდენ ხანს გამოვაცხო პასკა?
სხვადასხვა ზომის პასკას სხვადასხვა დრო სჭირდება გამოსაცხობად. აქაც თქვენი ღუმელი უნდა გაითვალისწინოთ, თუმცა ჩვენ ზოგად ციფრებს მაინც დაგიწერთ:
- 350-400 გრ ზომის ფორმა - 1 სთ და 10 წთ
- 550-600 გრ - 1 სთ და 20 წთ
- 1000 -1100 გრ - 1 სთ და 30 წთ
16. როგორ მოვიქცე, პასკას ძირი რომ არ მიეწვას?
მარტივი ხრიკი - ცხაურს ალუმინის ქაღალდი შემოახვიეთ და ზედ მოათავსეთ პასკები.
17. როგორ მივხვდე, პაკა გამოცხვა თუ არა?
როგორც კექსებისა და ბისკვიტების მზაობას ვამოწმებთ - ხის ჩხირი ჩაარჭვეთ. თუ მშრალი ამოვიდა, ე. ი. პასკა მზად არის.
18. შეიძლება თუ არა პასკის გაფორმება?
გაფორმებას ვერავინ აგიკრძალავთ და თქვენი რწმენა არ კნინდება, თუკი პასკას გაპრანჭავთ. გიტოვებთ პასკის გასაფორმებელი მინანქრების რეცეპტებს:
- თეთრი მინანქრის ყველაზე გამოცდილი რეცეპტი
- ყველაზე მყარი მინანქარი პასკებისთვის - დიდხანს ინახება და ფორმასაც ინარჩუნებს
- პასკის თეთრი და ფერადი მინანქარის რეცეპტები
19. შეიძლება თუ არა ცხელი პასკის გაჭრა?
პასკა თქვენია და როცა გინდათ, მაშინ გაჭერით, მაგრამ ცხელი პასკის გაჭრით ვერც გემოს, ვერც სტრუქტურას ვერ გაიგებთ. უმჯობესია, თუკი რამდენიმე საათით გააგრილებთ და ამის შემდეგ გაჭრით.
20. როგორ შევინახო პასკა?
პასკა კარგად რომ შეინახოს, არავითარ შემთხვევაში არ მოხსნათ საცხობი ქაღალდი, არ ამოიღოთ ფორმიდან. თითოეული მათგანი შეახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და შეინახეთ სასურველ ადგილას. ხოლო, თუკი გაყინვას გადაწყვეტთ, ამ რჩევებს მიჰყევით.